ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ცოტნე გამსახურდია, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს ურჩევს ერთი დღე–ღამე მის საკანში გაატაროს, რის შემდეგაც თუ ეჭვი ეპარება, მინისტრი დარწმუნდება, რომ პატიმრებს სცემენ, ამცირებენ და უღირსად ექცევიან.
გამსახურდიას ამ შეთავაზების, მერვე საპყრობილეში არსებული ვითარების და უშუალოდ ცოტნე გამსახურდიას ირგვლივ პრესა.გე მისი უფლებების დამცველ ერთ–ერთ ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.
გელა ნიკოლაიშვილი: ცოტნე გამსახურდიას გუშინ მე და ქეთი ბექაური შევხვდით. მან აღნიშნა, რომ მისი პირადი პრობლემები საჯაროდ არასდროს გამოუტანია, ვინაიდან არავის არ ეთქვა, რომ პირადულზე პროტესტს აცხადებდა. ახლა მას სურს, რომ მისი პირადი პრობლემები გაჟღერდეს, მაგრამ იმ კონტექსტში, რომ ყველა პატიმარს დაახლოებით ასე ექცევიან და რომ ცოტნე არ არის გამონაკლისი.
ფიზიკურ შეურაცხყოფას ცოტენ გამსახურდიასაც აყენებენ?
– არა, ფიზიკურად მას არ ეხებიან. იგი ამბობს, რომ სხვა პატიმრების მიმართ არაადამიანური, ღირსების შემლახავი, დამამცირებელი მოპყრობა – დედის გინება, უწმაწური სიტყვებით მიმართვა, ნორმად არის ქცეული.
რა ხდება შეპასუხების შემთხვევაში?
– უკვე ცემაზე გადადიან და თან როგორ იცით?! ერთმაც რომ გაბედოს შეპასუხება, საკანში განთავსებულ ყველა პატიმარს ფიზიკურად უსწორდებიან. საუბრის ბოლოს ცოტნემ თქვა – “ამაზე ყოველთვის ამბობენ, ეს ტყუილია, პატიმრები იგონებენო. მე თავად ხათუნა კალმახელიძეს ვთავაზობ ერთი დღე–ღამის განმავლობაში ჩემთან საკანში იცხოვროს, დეტალურადაც ავუხნსი ყველაფერს და თან თავის თვალით დაინახავს რა სიტუაციაა, თუ მას მართლა უნდა გაერკვეს აქ არსებულ რეალურ ვითარებაშიო“. ცოტნე ამბობს, რომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები ძირითადად ღამე ხდება.
რა პრობლემები აქვს უშუალოდ ცოტნე გამსახურდიას?
– ყველა პატიმარს დღეში ერთი საათი გასეირნება ეკუთვნის. ბოლო 3–4 დღეა ის სასეირნოდ არ გაჰყავთ, მით უმეტეს, რომ შიმშილობის შემდეგ ფეხები სტკივა. 67 დღე იშიმშილა და ახლა ულუფაზე ედავებიან, 5 და 10 გრამით მეტი მისცენ თუ ნაკლები. ცოტნე ეუბნება, ამდენი დღე მაქვს ნაშიმშილარი და მცირე დოზით მეტს თუ მომცემთ, ამით რა დაშავდებაო, ისინი ეუბნებიან, ეს ნორმააო და ერთი გრამით მეტს არ აძლევენ. როცა ეკითხება, “ის 67 დღე, როცა ჩემი ულუფა დაზოგეთ, სად წავიდაო“, ამაზე ვეღარაფერს პასუხობენ.
გადარიცხვის მეშვეობით ხომ შეიძლება საკვების დამატება?
– ის ამბობს, “მე მიბლოკავენ, თანხის გადმორიცხვის საშუალებას არ მაძლევენ, რომ მე აქ რაიმე ვიყიდოო“. მოგეხსენებათ, ციხეში არსებობს გარკვეული საკვების ყიდვის საშუალება. ცოტნე გამსახურდიას განმარტებით, მას ახლობლები ეუბნებიან, რომ თანხას ურიცხავენ, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ანგარიშზე არ ზის, რაც ნიშნავს, რომ თანხის გადმორიცხვას ბლოკავენო.
პლუს ამას, მას არა აქვს წერილების მიღების და გაგზავნის საშუალება. ანუ ფიზიკური შეხების გარდა, მის მიმართ ფაქტიურად, ყველა ის შეზღუდვაა გამოყენებული, რომელსაც ყველა პატიმრის მიმართ იყენებენ.
ამჯერად დაასახელა ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლების გვარები, რომლებიც პატიმრებს სცემენ და ამცირებენ?
– ეს გვარები აქამდე მან არაერთხელ დაასახელა, მაგრამ ამჯერად გვარებზე არაფერი უთქვამს. მოგეხსენებათ, რომ ის ისევ ციხის საავადმყოფოს საკანშია, მარტო. მან თქვა, რომ ჩემი საკნიდან 20 მეტრში არის მერვე საპყრობილის ერთ–ერთი კორპუსის შენობა, საიდანაც ძალიან კარგად ესმის (განსაკუთრებით ღამე), როგორ აგინებენ და დასცინიან პატიმრებს – “შენი დედა, შე ისეთო და ასეთო, ხმამაღლა არ ილაპარაკო, რადიოს ჩაუწიე; აბა ხმა ამოიღე, როგორი მაგარი ბიჭი ხარ, რომ “ბლატაობ“ აქო“.
ანუ ასეთი მოპყრობით, პატიმრებს ამცირებენ და აბეჩავებენ, რის შესახებაც მხოლოდ ცოტნეს ნათქვამიდან არ ვიცი – ყველა პატიმარი ამას ლაპარაკობს, რომ ამგვარი ქცევა ნორმადაა ქცეული, რასაც ისიც უწყობს ხელს, რომ კონტროლის მექანიზმი არ არსებობს – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არა აქვთ საშუალება ნებისმიერ დროს შევიდნენ, პირადად დააკვირდნენ და დაადასტურონ ამგვარი ფაქტები.
არის თუ არა ინფორმირებული მერვე საპყრობილეში არსებული ვითარების ირგვლივ სახალხო დამცველი და მისი ოფისი?
– სახალხო დამცველი და მისი ოფისი საპატიმროებში ზოგადად არსებული მდგომარეობის შესახებ ნამდვილად ინფორმირებულია, რადგან ადვოკატებს ერთადერთი ეს ინსტიტუტი დარჩათ, რომელსაც მიმართავენ და ამა თუ იმ ფაქტის გადამოწმებას სთხოვენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შიშის გამო პატიმრები კონკრეტულ ფაქტებს არ ადასტურებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადასტურებენ, რის შემდეგაც სახალხო დამცველის ოფისი პროკურატურას მიმართავს, გამოძიების დაწყების რეკომენდაციით და პროკურატურა ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტები არ დადასტურდაო.