“The Rolling Stones” ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს

“The Rolling Stones” ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს

გამოცემა “The Daily Mirror”-ის მტკიცებით, ცნობილი ჯგუფი “The Rolling Stones”-ის წევრები უახლოეს მომავალში ხმის ჩამწერ სტუდიაში განმარტოვდებიან და ახალ ალბომზე მუშაობას შეუდგებიან.

გამოცემას გიტარისტი რონი ვუდი ესაუბრა. რამდენიმე დღის წინ ლონდონში ვუდის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მუსიკოსის ინფორმაციით, თავდაპირველად ჯგუფის წევრები ახალი ალბომის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს წამოაყენებენ, შემდეგ ამ იდეებს სრულყოფილ სახეს მისცემენ და მუშაობას შეუდგებიან.

“The Rolling Stones”-ის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი “A Bigger Bang” 2005 წლის სექტემბრით არის დათარიღებული.

მიმდინარე წელს ჯგუფს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსები რამდენიმე კონცერტის ჩატარებას გეგმავენ.

ორი თვის შემდეგ გაყიდვაში ჯგუფის ისტორიის ამსახველი ფოტოალბომი “The Rolling Stones: 50” გამოჩნდება. სექტემბერში მსოფლიოს კინოთეატრებში დოკუმენტური სურათის პრემიერა გაიმართება. ამ ფილმში ჯგუფის მიერ გავლილი გზა დეტალურად იქნება ნაჩვენები.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს “The Rolling Stones”-ის წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან.