“Red Hot Chili Peppers”-მა მინი ალბომი გამოუშვა

“Red Hot Chili Peppers”-მა მინი ალბომი გამოუშვა

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ როკ-ჯგუფი “Red Hot Chili Peppers”-ის წევრებმა ახალი საკონცერტო მინი-ალბომი გამოუშვეს. მისი სახელწოდებაა “2011 Live Ep”.
ამ ნამუშევარში განთავსებულია გასულ წელს ჯგუფის ევროპული საგასტროლო ტურნეს დროს შესრულებული რამდენიმე კომპოზიცია. ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემლები ორ ახალ სიმღერასაც იხილავენ. ესენია “Look Around” და “Monarchy Of Roses”. ეს კომპოზიციები “Red Hot Chili Peppers”-ის წევრებმა დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ კონცერტებზე შეასრულეს.

ჯგუფის წევრები ამჟამად მსოფლიო საგასტროლო ტურნეს აგრძელებენ. ისინი კანადაში იმყოფებიან და აპრილის მეორე ნახევარში ევროპის კონტინენტს ეწვევიან.

ჯგუფის რიგით მეათე ალბომმა “I'm With You” დღის სინათლე გასული წლის 30 აგვისტოს იხილა.

ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ეს ნამუშევარი  პირველი გახლდათ. წინა ალბომი “Stadium Arcadium” 2006 წლით არის დათარიღებული.

ჯგუფი “Red Hot Chili Peppers” 1983 წელს, ქალაქ ლოს-ანჯელესში დაარსდა. მისი სულისჩამდგმელები ვოკალისტი ენტონი კიდისი და ბასისტი მაიკლ ბალზარი იყვნენ. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში მათ გარდა შედიოდნენ მედოლე ჯეკ აირონსი და გიტარისტი ჰილელ სლოვაკი. ეს უკანასკნელი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მოხმარების გამო 1988 წელს გარდაიცვალა.

მსოფლიო პოპულარობა ჯგუფმა 1991 წელს მოიპოვა, როდესაც მათი ალბომი "Blood Sugar Sex Magik” რამდენიმე მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

“Red Hot Chili Peppers”-ის ისტორიაში გამოშვებული ცხრა მუსიკალური ალბომიდან ყველაზე წარმატებულად “Californication” ითვლება.