ფოთის პოლიციის უფროსობიდან გათავისუფლებული ზურაბ ალანია პოსტზე ეკა ბესელიას რეკომენდაციით დაინიშნა

ფოთის პოლიციის უფროსობიდან გათავისუფლებული ზურაბ ალანია პოსტზე ეკა ბესელიას რეკომენდაციით დაინიშნა

ფოთის პოლიციის უფროსი, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლდა, თავის დროზე პოსტზე ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას რეკომენდაციით დაინიშნა.

ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებთან 2013 წლის თებერვალში გაკეთებულ კომენტარში თავად განაცხადა.

”ფოთის პოლიციის უფროსთან დაკავშირებით მე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ მას რეკომენდაცია გავუწიე. ის არის ჩემი ნათესავი და გავუწიე რეკომენდაცია იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალაქში იყოს ადამიანი, რომელზეც შემიძლია ვიყო მშვიდად, რომ ნარკოტიკს არ ჩაუდებს, არ აწამებს, ფეხქვეშ არ გათელავს ადამიანის უფლებებს და პოლიციას ეყოლება ინტელექტუალი, გამოცდილი, პროფესიონალი კადრი. ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქში იყო მაჟორიტარი დეპუტატი და ამ დროს ძალოვან უწყებაში არ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იქცევიან იმ ტრადიციებით, რასაც აკეთებდა ახალაიას პოლიცია და პროკურატურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ მე რეკომენდაცია გავუწიე ამ ადამიანს და მიმაჩნია, რომ ის ძალიან კარგია, ის ამ ქალაქს სჭირდება. ის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა პოლიციის”, - განუცხადა ეკა ბესელიამ იმ პერიოდში TS press-ის ჟურნალისტს.

ფოთის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ზურაბ ალანიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ პირთან დაკავშირებით შსს-ს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი გადაცდომის საქმეზე შემოწმებას ატარებს.

ზურაბ ალანია ფოთის პოლიციის უფროსის პოსტს 2012 წლის ნოემბრიდან იკავებდა.