მე არ მესმის, რატომ უნდა ვთქვა უარი უკაცრიელი ტერიტორიის განვითარებაზე, - ასე უპასუხა ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის კითხვას, რომელიც 29 ჰექტარის აუქციონის წესით გასხვისებას შეეხებოდა.
ალეკო ელისაშვილი დაინტერესდა არის თუ არა თბილისის მერი მზად დაუბრუნდეს გასხვისებული 29 ჰექტარი მუნიციპალიტეტს და გამოცხადდეს ხელახალი აუქციონი წესების დაცვით. დავით ნარმანიას განცხადებით, მას არ ესმის თუ რატომ უნდა მოხდეს გასხვისებული ტერტიტორიის დაბრუნება.
„რატომ უნდა ვთქვა უკაცრიელი ტერიტორიის განვითარებაზე უარი, მე არ მესმის. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტს სასამართლო წესით დაევალება აუქციონის გაუქმება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საკრებულოს დეპუტატების კითხვების დრო უკვე ამოიწურა. ქალაქის მერმა საკრებულოს დეპუტატების კითხვებს უკვე უპასუხა, თუმცა დეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, დავით ნარმანიას პასუხები არ არის ამომწურავი.