ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გაერთიანება- გამსხვილების მიუხედავად, არც ერთი რეგიონი და რაიონი პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის გარეშე არ დარჩება.
როგორც ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, “ქართული ოცნების“ გამსვლელ პარტიულ სიაში იქნება იმ რაიონის წარმომადგენელი, რომლის მაჟორიტარიც უშუალოდ მოცემული რაიონიდან არ იქნება.
“არც ერთი რაიონი არ იქნება წარმომადგენლის გარეშე. მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებამ, რასაკვირველია, გარკვეული პრობლემები შექმნა, მაგრამ ეს იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა ის, რომ ყველა მაჟორიტარ დეპუტატს ერთი რაოდენობის ამომრჩეველი უნდა ჰყავდეს. მაგრამ გამორიცხულია, რომ რეგიონი წარმომადგენლის გარეშე დარჩეს. მაგალითად, თუკი რაჭის და სვანეთის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება რომელიმე ერთი რეგიონიდან, აუცილებლად მეორე იქნება პარტიის გამსვლელ სიაში; თუკი გაერთიანებული ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქიდან ერთი იქნება მაჟორიტარი - ვთქვათ, ნინოწმინდელი, აუცილებლად სიაში ახალქალაქელი იქნება ან პირიქით“, - აცხადებს ვოლსკი.