თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერია ქალაქის უკონტროლო, ქაოტური განაშენიანების საპირისპიროდ თბილისისთვის სასიკეთო და მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.
"ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“ და ეს არ კეთდება ფასადურად, ისე, როგორც კეთდებოდა თქვენს დროს! აღმაშენებელზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, სადაც 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია - რეკონსტრუქცია უტარდება. ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, პირვანდელი სახით აღდგება ისტორიული შენობა-ნაგებობები. ასევე, მოწესრიგდება სადარბაზოები, კეთილმოეწყობა შიდა ეზოები. ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ასევე, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა 9 მარტისა და „დედა ენის“ სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია", - განაცხადა მერმა საკრებულოში მოხსენიებით წარდგენისას.
მერის თქმით, დაგეგმილია ძველი ისტორიული ბაღების აღდგენა, ასევე ფიროსმანისა და კარგარეთელის ქუჩების, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია და მიმდებარე არეალების განვითარება, რითაც თბილისში უკვე რეაბილიტირებული და სარეაბილიტაციო ტურისტული მარშრუტები ერთმანეთს ლოგიკურად დაუკავშირდება.
"პროექტის ფარგლებში, ძველ თბილისში ხორციელდება ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, ასევე, ისტორიული ღვინის აღმართის რეაბილიტაციაც, რომელიც სულ მალე ივნისის თვეში დასრულდება. აი, რას ვაკეთებთ ჩვენ თბილისისათვის. ასევე, მიმდინარეობს: 1. პუშკინის ქუჩის გაფართოების სამუშაოები - რომელიც ივლისში დასრულდება. აღსანიშნავია 2. მარშალ გელოვანის გამზირის საცობებისგან განმუხტვის პროექტი, 3. ცინაცაძისა (ყოფილი საბურთალოს) და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე საავტომობილო კვანძი, რაც გააუმჯობესებს საავტომობილო ნაკადის მიმოსვლას, როგორც თამარაშვილის ქუჩის, ასევე ახალი გზის მიმართულებით და პირიქით. 4. გალაქტიონის ხიდზე პანდუსის მშენებლობა. 5. კოჯორი-სამადლოს გზის მონაკვეთი და ა.შ. კაპიტალურად შეკეთდა ხიდები, რომლებიც წლების განმავლობაში მიტოვებული და საფრთხის შემცველი იყო.
დიდი პროექტებიდან, ასევე, აღსანიშნავია მზიურის განახლება, ბარათაშვილის ხიდისა და გულიას სახელობის ხიდის რეაბილიტაცია", - განაცხადა მერმა.
მისი თქმით, ქალაქს შეემატება 165 ახალი, თანამედროვე მუნიციპალური ავტობუსი. მიმდინარეობს მეტროს მოდერნიზაცია. საერთაშორისო კონსორციუმის მიერ ინტენსიურად მუშავდება ქალაქის ახალი გენერალური გეგმა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
"მიმდინარეობს გზების შეკეთების სამუშაოები სხვადასხვა რაიონებში და მართალია, ხშირად, აღნიშნული პროცესი ჩვენს თანამოქალაქეებს გადაადგილებისას შეფერხებებს უქმნის, თუმცა ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, სწორედ, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას, მაგრამ, ყველა ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ამის გაკეთება ჩვენ გვიწევს ახლა.
ამასთან, თქვენ გაასხვისეთ 20-მდე სკვერი, მაშინ, როცა ჩვენ ქალაქს შევმატეთ და განვაახლეთ 130 სკვერზე მეტი და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. 2011 წლიდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით თქვენ ნებართვა გაეცით 2500-ზე მეტი ხის მოჭრაზე, მაშინ, როცა ჩვენ გამწვანება ვაქციეთ ქალაქის მთავარ პრიორიტეტად", - განაცხადა ნარმანიამ.