თბილისის მერმა დავით ნარმანიან საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს თემის მანიპულირებითა და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რაც სრულიად მიუღებელია.
"ზოგიერთი ოპონენტის მიერ გაჟღერებული მოსაზრება, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს საკუთარი ეზოს კეთილმოწყობისთვის აკეთებს, სრული აბსურდი და სიცრუეა, საერთოდ რომ არაფერი ვთქვათ პროექტის სიკეთესა და მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარებისთვის. მარტივი ფაქტია, რომ ტერიტორიები, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს საუბარი, მდებარეობს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის სრულიად საპირისპირო მხარეს, ბოტანიკური ბაღის გადაღმა და ეს ტერიტორია ბოტანიკური ბაღისგან ციცაბო კლდით არის გამიჯნული, შესაბამისად ეს მოსაზრება ყველანაირ მსჯელობას მოკლებულია და ვინც რუკას დახედავს, ან ესტუმრება ამ ადგილებს, მარტივად დარწმუნდება ამ მოსაზრების აბსურდულობაში. თავის დროზე, სწორედ, ბიძინა ივანიშვილი იყო წინააღმდეგი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მომხდარიყო განაშენიანება, სწორედ მან გადაარჩინა ბოტანიკური ბაღი და ბოლო პერიოდის განმავლობაში 23 მლნ ლარი დახარჯა მისი შენარჩუნებისა და განვითარებისთვის", - აღნიშნა მერმა.
მისი თქმით, ტერიტორიების კორექტირებით, ბოტანიკური ბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, თაბორის მთის ვაკე ტერიტორია შეუერთდა.
"ფართის კორექტირების შედეგად, ბაღმა შეიერთა მცენარეთა კოლექციის გაზრდისთვის ხელსაყრელი, ნაყოფიერი და საპარკე ნაწილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც ხელს შეუწყობს ბაღის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად განხორციელებას. აქ უკვე გაშენებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია და მიმდებარე ტერიტორიას ბაღის თემატური განვითარებისთვის დიდი პოტენციალი აქვს. ბოტანიკურმა ბაღმა
"2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე, 2000-ზე მეტი უსახური შენობების მშენებლობის ნებართვა გაიცა" მიიღო მოვლილი, სარწყავი სისტემებით აღჭურვილი, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებითა და მიმართულებების მაჩვენებელი ნიშნებით მოწყობილი ტერიტორია. საბოლოოდ, ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშირდება კრწანისი-შინდისის ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება. ტერიტორიების კორექტირებით ბოტანიკურ ბაღს განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემა და ბუნების საფარი მთელ ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება", - განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, მერის თქმით, ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა ბაღის ფართობის უცვლელად და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად.
"კერძოდ, ბოტანიკურ ბაღს ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2007 წელს, თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წელს დადგენილი პირობითი გეგმის მიხედვით, რაც მოიცავდა 81 ჰა ტერიტორიას და აღნიშნულ საზღვრებში არ შედის ის ფართობი, რომლის ცვლილებაც განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და დადგენილი წესების შესაბამისად. აუქციონი იყო ღია, გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეძლო მონაწილეობა. ასევე, კიდევ ერთი სიცრუე, რაც ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გაჟღერდა გახლავთ ის, რომ ახალი ტერიტორია იყო სახიფათო, რადგანაც იქ გადიოდა ელექტროგადამცემი ხაზები - ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს გამყარებულია დასკვნით, რომლის თანახმადაც ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები არავითარ პრობლემას არ ქმნის ბაღის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, ელექტროგადაცემის ხაზები, ნორმატივებიდან გამომდინარე, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ბაღის ბიოლოგიურ გარემოზე. ყველა ანძა განლაგებულია თითქმის მიუვალ ადგილებზე, სადაც კაპიტალურ მშენებლობას აზრი არ აქვს, ხოლო საფეხმავლო ტურისტული ბილიკების მოწყობა შესაძლებელია.
"პროექტი ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის, აუქციონში გამარჯვების შედეგად ინვესტორმა აიღო ვალდებულება, შესყიდულ 29 ჰა ტერიტორიაზე აშენდეს მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმრო, განაშენიანება მოხდება შესყიდული ტერიტორიის მხოლოდ 7%-ზე (20 000 კვ/მ), სამაგიეროდ ინვესტორი მზად არის მოახდინოს დანარჩენი 27 ჰა მიწის ნაკვეთის გამწვანება, რეკრეაციულ-დასასვენებელი დანიშნულებით განვითარება, ტერიტორიის განახლება. რაც ბუნებრივია გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. თბილისს შეემატება კიდევ ერთ უნიკალური პარკი", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული მიწის გაყიდვით შეიძლება შეფერხდეს კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა, სრული სიცრუეა.
"გზის ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა, საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, შემოდგომაზე ეს გზა თბილისელებს ჩაბარდება. პროექტი დაკორექტირდა გენერალური გეგმის რეკომენდაციების საფუძველზე, რისი დოკუმეტებიც ჩვენ ხელთ გვაქვს. მოხდა მხოლოდ გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო ერთ მესამედ ნაწილს, ანუ დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთს, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტი გახდა უფრო მომგებიანი. არ გაზრდილა ხარჯები. რაც შეეხება 395 ხეს, მათი უდიდესი ნაწილი პროექტი რომ არ შეცვლილიყო, მაინც მოიჭრებოდა. ამ ხეების ნაცვლად კი მშენებლი კომპანია შემოდის ინიციატივით მიმდებარე ტერიტორიაზე დარგოს 400 ხე. გზა არ გაყოფს შუაში გამწვანებულ ტერიტორიას, არ დაარღვევს გარემოს მთლიანობას, მისი დანაწევრება კი ხელს შეუშლიდა გარემოს თვითაღდგენის პროცესსა და ლანდშაფტის ერთიან აღქმას", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, ახალი გზა იძლევა შესაძლებლობას, გაკეთდეს ახალი მისასვლელი ბოტანიკურ ბაღთან. გაუმჯობესდება გადაადგილება შინდისის და მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებისთვის.