”გირჩი“ ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს და გამომცემლობების პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

”გირჩი“ ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს და გამომცემლობების პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს და გამომცემლობების პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი პოლიტიკური ცენტრის თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, საქმე ეხება 2013 წელს გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის დროინდელ საკითხს.

„გამომცემლობების პრობლემა შეიქმნა გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის დროს. 2013 წელს მან განაცხადა, რომ პრობლემა იყო, რომ მოქალაქეები ხარჯავდნენ დიდ თანხებს სახელმძღვანელოებისთვის და სახელმძღვანელოები უნდა ყოფილიყო უფასო. მისი ეს ინიციატივა გახდა წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის დროს მთავარი სლოგანი. პროექტის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ 2011 წელს, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამომცემლობებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელშიც სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნით ჩაიდო ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს ეძლეოდა შესაძლებლობა ცალმხრივად გაეწყვიტა ხელშეკრულება და მიეთვისებინა გამომცემლობების საკუთრება. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ მარგველაშვილმა ეს რეალურად განახორციელა. მან მოტივად ის მოიშველია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება იყო, რათა ოჯახებს ხარჯები შემცირებოდათ და ამის შემდეგ სახელმძღვანელოები გახდებოდა უფასო“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმი, ამის შემდეგ სამინისტრომ ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულებები გამომცემლობებთან და მათ საკუთრება ჩამოართვა. ჯაფარიძის თქმით, გამომცემლობებმა არ იცოდნენ თამაშის წესები და მათ დარჩათ უკვე დაბეჭდილი სახელმძღვანელოები მილიონზე მეტი ოდენობით. მათ სამინისტრომ განუცხადა, რომ უკვე შესრულებული სამუშაო არანაზღაურდებოდა. დეპუტატის თქმით, აღნიშნული წიგნები გამომცემლობებს დღემდე აქვთ დასაწყობებული 2013 წლიდან.

ჯაფარიძის თქმით, საუბარია მილიონამდე სახელმძღვანელოებზე. დეპუტატის თქმით, გამომცემლობების ხელმძღვანელებმა იჩივლეს სასამართლოში, ყველა ინსტანცია გაირეს, თუმცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ და ახლა ისინი სტრასბურგში გეგმავენ სასჯელის შეტანას.

„მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, ერთი კვირის ვადაში აუნაზღაუროს გამომცემლობებს უკვე გაწეული სამუშაო და თუ ეს არ მოხდება, ჩვენ სხვა გზებს მივმართავთ. ვმუშაობთ ამ გზებზე. საუბარია სრულიად ახალ ხარისხიან სახელმძღვანელოებზე და ვცდილობთ ეს სახელმძღვანელოები მივიდეს მათამდე, ვისთვისაც აუცილებელია. თუ ამას სახელმწიფო არ გააკეთებს, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საუბარია დაახლოებით 15-მდე გამომცემლობაზე და ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩი” მომდევნო ნაბიჯებზე გამომცემლობებთან კონსულტაციას მართავს.