ევროკავშირის მოთხოვნას - სავიზო რეჟმის გაუქმების სანაცვლოდ ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ოფიციალური ანკარა ტერორისტების მხარდაჭერად აფასებს.
აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატის თქმით, თურქეთი არ დაემორჩილება ზეწოლას და არ წავა არანაირ დათმობაზე.
„სავიზო რეჟიმის გამარტივება - ეს თურქეთის მოქალაქეების ჭეშმარიტი უფლებაა. რამდენიმე კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეებს ეს უფლება ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე მიეცათ.
თურქი დიპლომატი არც ევროკავშირის წარმომადგენლების იმ მოსაზრებას დაეთანხმა, რომლის თანახმად, თითქოს და ანკარა ევროკავშირს ემუქრება.
„ჩვენ არავის ვემუქრებით. უბრალოდ, ჩვენ სიმართლეს გარკვევით ვლაპარაკობთ. არ არის საჭირო ყველაფრის გამუქება. ელემენტარულია - სავიზო რეჟიმის გამარტივება და არა ევროკავშირის წევრობა. ყველამ უნდა შეასრულოს გაცემული პირობა“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ ევროკავშირი ვერ იქნება გლობალური მოთამაშე და ვერ გადაჭრის ეკონომიკურ პრობლემებს თურქეთის მონაწილეობის გარეშე.
საქმე ეხება თურქული მხარის მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს, კერძოდ, კორუფციის აღმოფხვრას, მოლაპარაკებების წარმოებას ოპერატიული შეთანხმების შესახებ ევროპოლთან და სასამართლო თანამშრომლობას ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან.
ამასთან, ანკარამ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს მონაცემთა დაცვის წესები და გადახედოს ტერორიზმის შესახებ არსებულ კანონმდებლობას.
გარდა აღნიშნული პირობებისა, ევროკომისიამ შესთავაზა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობაში დამატებითი შესაძლებლობები შეიტანოს სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ევროკომისიას აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში შეეძლება.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია თურქეთ-ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე წლის მარტში გაფორმდა. საერთო ჯამში, თურქეთს 72 მოთხოვნა უნდა შეესრულებინა.
ევროკომისიის პოზიცია მკვეთრად გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისი თქმით, ანკარა არ შეცვლის ანტიტერორისტულ კანონმდებლობას.