სტუდენტები კვლავაც შიმშილობენ

სტუდენტები კვლავაც შიმშილობენ

დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ ექვსმა სტუდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, რასაც წინ უსწრებდა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართული საპროტესტო აქცია. სტუდენტები სწავლის მაღალ საფასურს აპროტესტებენ და განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს განათლების სამინისტროსთანაც გამართავენ.

როცა სტუდენტებმა სწავლის მაღალი საფასურის გამო დაიჩივლეს, მინისტრ შაშკინისგან გამაოგნებელი პასუხი მიიღეს - მერე რა, ერთ მაღაზიაში პური ძვირი ღირს, მეორეში - იაფიო. ეს იაფი „პური“ კი სტუდენტებს წელიწადში 2250 ლარი უჯდებათ, რომლის გადახდაც ყველა ოჯახს არ შეუძლია. სტუდენტებს პლაკატები ეჭირათ, წარწერით: „არ გვეშინია“, „ვერ შეგვაჩერებთ“, „უნივერსიტეტი სტუდენტებს“, „პროტესტი სწავლის მაღალ ფასებს“, „აღუდგეთ სტუდენტებს სტატუსი“ და ა.შ.

სტუდენტები უკვე მერამდენედ მოითხოვენ, სახელმწიფომ მათი ხელშეწყობის ფონდი დააფუძნოს, რომელიც ახალგაზრდებს შეღავათიანი სესხის მიღებაში დაეხმარება. ამ სესხებს კი სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შედეგ ეტაპობრივად დაფარავენ.      

სტუდენტთა აქციები ამით არ შემოიფარგლება. 25 აპრილს, ოთხშაბათს, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა მონაწილეობით, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმართულებით მასობრივი მსვლელობა იგეგმება.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ თუ ადრე პროტესტს მხოლოდ ერთეული სტუდენტები გამოხატავდნენ, ამჟამად მათი რიცხვი გასამმაგებულია, რაც ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას სტუდენტები უკვე აღარ შეუშინდებიან.

მათი აზრით, წარმატებულ განათლების რეფორმაზე საუბარი დაუშვებელია, რადგან ქვეყანას 10 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, რაც მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ მათ მშობლებს შვილისთვის სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.

მართალია, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შიმშილობის მწარე გამოცდილება აქვთ, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ კვლავაც პროტესტის გამოხატვის ეს საშუალება არჩიეს.

„გეპეის“ რექტორატის მისაღებში მათ გასულ წელსაც დაიწყეს შიმშილობა, თუმცა, როდესაც ჟურნალისტები წავიდნენ, შეიარაღებულმა პირებმა ისინი იძულებით ქვევით ჩაიყვანეს, უნივერსიტეტის შენობის უკანა კარიდან გაიყვანეს და წითელი ფერის „ფორდის“ ფურგონ-მანქანაში ჩასვეს. ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ კი სოფელ ძეგვში დატოვეს. ამჯერად სტუდენტები განმეორებით გატაცებას არ გამორიცხავენ. თუმცა, ამ ჯერზე, „გეპეის“ რექტორატის მისაღების ნაცვლად, შიმშილობის დაწყება ტექნიკური უნივერსიტეტის კიბეებზე არჩიეს.

Presage.tv მოშიმშილე სტუდენტებს ესაუბრა. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ივანე მეფარიშვილი აცხადებს, რომ მათ მოთხოვნას განათლების სამინისტრო არ ითვალისწინებს. არადა, სტუდენტები განათლების მესვეურებს პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზებსაც სთავაზობენ.

მისი თქმით, განათლების მესვეურებმა არაფრად ჩააგდეს კონკრეტული ფაქტი, როდესაც ბიზნესინჟინერიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს მძიმე დაავადება აღმოაჩნდა და მისი ოჯახი იძულებული გახდა, მის გამოსაჯანმრთელებლად დაეხარჯა მთელი ფინანსური რესურსი, სტუდენტი უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

„როდესაც ვითხოვეთ, ამ სტუდენტისთვის მაინც დაეშვათ შეღავათი, ისინი დათმობებზე არ წამოსულან. ეს არის კონკრეტული შემთხვევა, თუ რა მძიმე სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში. დღევანდელ აქციას ოთხშაბათს 13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან გამართული აქცია მოჰყვება. ამიტომ, ჩვენი შიმშილობა ოთხშაბათს 13.00 საათამდე გასტანს. ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს მოვუწოდებთ, ოთხშაბათს 12.00 საათზე ტექნიკურ უნივერსიტეტთან შევიკრიბოთ, რათა მსვლელობით შევუერთდეთ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებს“, - აცხადებს ივანე მეფარიშვილი.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის თქმით, უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა არამცთუ სტუდენტის ინტერესებს, სახელმწიფოს ინტერესებსაც არ პასუხობს და კონკრეტული კლანის ინტერესებს განსაზღვრავს.

„მათი ძირითადი პოლიტიკა სტუდენტთა დაშინებაა, რათა ისინი სამოქალაქო აქტიურობას ჩამოაშორონ. განათლების რეფორმა და უმაღლესებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკა ჩაუვარდათ, ათასობით სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული, ამიტომაც განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტების დევნა დაიწყეს“.

ამასთან, ივანე მეფარიშვილი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელ აქციაზე შეკრებილ სტუდენტებს ხვალიდან უკვე დევნა დაუწყონ, რათა ისინი მომდევნო აქციებს აღარ შეუერთნენ. ამდენად, მეფარიშვილის თქმით, შიმშილობის გზა მათ შეგნებულად აირჩიეს, რათა ამით სხვა სტუდენტებს სტიმული მისცენ და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა მათაც ისწავლონ.

„ჩვენი გატაცების საშიშროება ახლაც არსებობს. ყველას დასანახად ვაპირებთ შიმშილს და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. უმაღლესებთან მიმართებით მათ უსამართლო პოლიტიკას არ შევეგუებით“, - აცხადებს ივანე მეფარიშვილი.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე კობაიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელოვნურ ბარიერს არ უნდა ქმნიდეს და არ უნდა ცდილობდეს,  ქვეყანაში განათლების მიღება ხელმიუწვდომელი იყოს.

„სტუდენტობამ გაიღვიძა. ეშინოდეს დიმიტრი შაშკინს, იგი ვერ შეგვაჩერებს. არ გვაქვს უფლება, დავკარგოთ ნიჭიერი ახალგაზრდები, ამიტომ შეგვხვდეს შაშკინი, თორემ მივალთ სამინისტროსთან და ამ განათლების „რეფორმებთან“ დაკავშირებით ვეტყვით სრულ სიმართლეს, ვეტყვით იმას, რისი გაგებაც არ უნდა“.

მისი თქმით, სტუდენტები შაშკინთან შეხვედრას უკვე ორი თვეა, ითხოვენ. იმის გამო, რომ კოლოსალური თანხის გადახდის პრობლემა ყველა სტუდენტს აწუხებს, განათლების მინისტრი ვალდებულია, მათ დაელაპარაკოს.

„განათლების მინისტრმა იგნორირებით არ უნდა გვიპასუხოს. მან რაციონალურად უნდა იაზროვნოს და არა - პრაგმატულად. იქნებ, ამ შეხვედრის შემდეგ კონსენსუსს მივაღწიოთ,“ -აღნიშნავს კობაიძე.      

ივანე ჯავახიშვილის სახელობის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ოთარ ლორთქიფანიძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოშიმშილე სტუდენტებს ისიც შეუერთდება, რადგან ფინანსური დავალიანებისა და სოციალური ფონის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ.

„ვგმობთ იმას, რომ ყველა უნივერსიტეტში დევნიან თავისუფალ აზრს. სამწუხაროა, რომ სტუდენტები პრივილეგირებულად და არაპრივილეგირებულებად იყოფიან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პრივილეგირებული სტუდენტები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები, მათი პარტიის წევრები არიან, ხოლო არაპრივილეგირებულად ითვლებიან ის სტუდენტები, რომლებსაც განათლების რეფორმასთან მიმართებით განსხვავებული აზრი აქვთ“, - აცხადებს ოთარ ლორთქიფანიძე.

შეკითხვაზე, საპროტესტო აქციები ტექნიკური უნივერსიტეტიდან რატომ იწყება და რატომ პასიურობს უნივერსიტეტი, ოთარ ლორთქიფანიძე განმარტავს: „უნივერსიტეტი არ პასიურობს, სტუდენტები როცა გალახეს, პროტესტი მაშინაც  გამოვხატეთ და უნივერსიტეტთან აქცია მოვაწყეთ. თუმცა, ახლანდელი აქცია ოთხშაბათს „გეპეიდან“ დაიწყება, შემდეგ უნივერსიტეტთან გადავინაცვლებთ, მერე - სამედიცინოსთან და ბოლოს - განათლების სამინისტროსთან მივალთ“.