დევნილების წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო კამპანია უფრო აქტიურდება. მათი “მუშაობის პრინციპი” მარტივია. ჩინოვნიკები და მათი ხელქვეითები დევნილებს ამა თუ იმ ადგილიდან ასახლებენ, შემდეგ კი მათ პროტესტს უყურადღებოდ ტოვებენ. სანამდე გასტანს ეს დამალობანა, ძნელი გამოსაცნობი არ არის - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში მდებარე 204-ე ბაგა-ბაღის ყოფილ შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებელი ფართის დაკანონებას მოითხოვენ. დევნილებთან საკრებულოს წევრი “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან” ვიქტორ დოლიძე იმყოფებოდა.
დევნილების თქმით, ისინი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან გააფრთხილეს, რომ ბაგა-ბაღის ყოფილი შენობა 20 აგვისტომდე უნდა დატოვონ. მათ კი არანაირი ალტერნატიული საცხოვრებელი არ შესთავაზეს და 18 ოჯახს ბავშვებთან ერთად ქუჩაში დარჩენა ემუქრება.
აფხაზეთიდან დევნილის თამარ ჯობავას განცხადებით, შენობაში არსებული ფართების დაკანონების თხოვნით ლტოლვილთა სამინისტროს მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. დევნილები ბაგა-ბაღის შენობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის საჯარო განცხადების საფუძველზე შევიდნენ. ჯობავას თქმით, 2008 წლამდე ქირით ცხოვრობდნენ და სახელმწიფოს მათთვის არანაირი საცხოვრებელი არ მიუცია.
დევნილის, ნანა ბულიას განცხადებით კი, სამინისტროდან ეუბნებიან, რომ 20 აგვისტომდე დატოვონ შენობა. 2 თვეში გაურემონტებენ და ისევ შეასახლებენ, თუმცა დევნილებს ამის არ სჯერათ და ეჭვი აქვთ, რომ მოტყუებულები დარჩებიან.
დევნილების ინფორმაციით, აღნიშნული შენობის კერძო ბაღად გადაკეთება ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ნადირაძის დედას სურს. ბაღის შენობაში “ნაციონალური მოძრაობის” შტაბიც არის განთავსებული, რომელიც ამჟამად დაკეტილია.
დოლიძის განცხადებით, ალტერნატიული ფართის გამოყოფის გარეშე დევნილების ქუჩაში გამოყრა მიუღებელია. მან ხელისუფლებას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.
სანამ “ვარკეთილელი” დევნილები შედარებით აქტიურ პროტესტზე გადავლენ, ეს უკვე დაწყებული აქვთ თბილისის სხვადასხვა უბანში ჩასახდებულ დევნილებს. თბილისის მერიასთან დევნილები და მათი მხარდამჭერები მერიას კუთვნილი ფართების დაკანონებას ერთი საათის განმავლობაში სთხოვდნენ, თუმცა მერიის თანამშრომლებისგან მათ არავინ გამოხმაურებიათ.
აქციას ტრადიციულად “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხრატიშვილი მიჰყავდა. ჩხრატიშვილმა ქალაქის მერიას წინა სარჩევნო დაპირება შეახსენა და მათი შესრულება კიდევ ერთხელ მოსთხოვა.
“ხელისუფლებას მოვუწოდებთ დააკმაყოფილოს დევნილების მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გადავინაცვლებთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მოთხოვნით - ფართი დაუკანონდეს ყველა კომპაქტურად შესახლებულ დევნილს”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
აქციის მონაწილეებს სიტყვით დევნილებმაც მიმართეს და აქციის უფრო მასშტაბურობაზე გამახვილეს ყურადრება. ერთ-ერთი დევნილის რომან რომელაშვილის თქმით, აქციაზე ძალინ ცოტა ადამიანი იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შედეგს არ გამოიღებს. ამიტომ, რომელაშვილის თქმით, საჭიროა საზოგადოების მობილიზება, რათა შემდეგ აქციაზე 100 კაცის ნაცვლად, 1000 ადამიანი შეიკრიბოს.
დევნილების მორიგი აქცია ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროს წინ პარასკევეს გაიმართება.