"მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია "ქართული ოცნებიდან"

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა თავისი განცხადებით მხარი დაუჭირა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ბერძენიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე მის განცხადებებზე დუმს მაშინ, როდესაც ინფორმირებულია, რა შეტევა მიმდინარეობს საქართველოს საგარეო კურსზე.

"მეჭიაურმა მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომელმაც "რესპუბლიკელი" პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააკრიტიკა რამდენიმე დღის წინ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია, რა შეტევა მიმდინარეობს საქართველოს საგარეო კურსზე", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც რამდენიმე დღის დუმილის შემდეგ, "რესპუბლიკელმა" მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ მას მეჭიაურის განცხადება კი არა, პარტია "ქართული ოცნების" დუმილი აკვირვებს, დღეს ამ თემას პრემიერი გამოეხმაურა და თქვა, რომ მეჭიაურის ხაზი არ არის "ქართული ოცნების" ხაზი.

"პრემიერმა თქვა, რომ ძალიან აკვირვებს და არ მოსწონს "რესპუბლიკელი" მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ეს განცხადება. კვირიკაშვილს თუ იმის სურვილი აქვს, განაახლოს "ქართული ოცნება", კი არ უნდა ეფარებოდეს, ან ფორმალურად, ემიჯნებოდეს მეჭიაურს, მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია "ქართული ოცნებიდან", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.