ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტეროტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დანიელ მიტოვმა ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრთა კომიტეტს მკაცრი პოზიცია აქვს ბორდერიზაციის პროცესისა და სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტეგრაციის ე.წ შეთანხმებების მიმართ.
„ეს ხელს უშლის შერიგების პროცესს და იგი პრობლემატური გახდა ბევრი მიმართულებით“, - აღნიშნა მიტოვმა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ კი აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხალხთა შორის კომუნიკაცია, კერძოდ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხის საქართველოსთან დაკავშირება.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ არის დაცული ზოგიერთი ფუნდამენტური უფლება. განსაკუთრებით ქონების უფლება და განათლების უფლება, ეს ეხება განსაკუთრებით ენებს. ასევე მნიშვნელოვანია გადაადგილების საკითხი. ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული“, - განაცხადა გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ.