ევროკავშირში მიგრანტების საკითხზე თურქეთთან ალტერნატიული შეთანხმების საკითხი განიხილება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს.
გავრცელებული ცნობით, არსებობს საშიშროება რომ ბრიუსელსა და ანკარას შორის ამ დრომდე მიღწეული შეთანხმების განხორციელება ვერ მოხერხდება, ამიტომაც საჭიროა მისი ალტერნატივა. მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ევროკავშირთან მიგრაციის საკითხზე შეთანხმება საფრთხის ქვეშ დადგა.
ევროკავშირი-თურქეთის შეთანხმების მიხედვით, ანკარა უკან იღებს იმ მიგრანტებს, რომლებიც მისი ტერიტორიის გავლით საბერძნეთში გადადიან. თუ თურქეთმა ამ შეთანხმების პირობები ვერ შეასრულა, მაშინ, ევროკავშირის მთავრობები საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდის საკითხს განიხილავენ, რათა ათენმა მიგრანტების პრობლემის მოგვარება შეძლოს.