რობი კუხიანიძე: თავისუფლების მონა თუ ხარ, ეს უკვე აღარაა თავისუფლება

რობი კუხიანიძე: თავისუფლების მონა თუ ხარ, ეს უკვე აღარაა თავისუფლება

ბოლო დროს საქართველოში „სამეფო კარის ჯამბაზობა“  სულ, უფრო და უფრო, მოდური პროფესია ხდება. ყველა ხელისუფლებას, ყველა დროს ჰყავს მეხოტბეთა არმია, თუმცა ჩვენს დღევანდელ რეალობაში ეს ტენდენცია განსაკუთრებით ხელოვნებასაა მოდებული.   არსებობენ,  მაგალითად, „სამეფო კარის რეჟისორები“, „სამეფო კარის მუსიკოსები“ და ა.შ რომლებიც საკუთარი უკომპრომისობით არ გამოირჩევიან და  ვერც დავძრახავთ, როგორც  „presage.tv“-ს დღევანდელი რესპოდენტი ამბობს, ისინი,  ალბათ,  ძალიან სუსტები არიან იმისთვის, რომ შემოქმედებითად იცხოვრონ.

 ვშიშობ, დრო, მათ შემოქმედებითი სიმაღლეების „წრის გარეთ“ ტოვებს.   შიგნით კი, რეალური   „აუტსაიდერები“ არიან, ადამიანები, რომლებიც თავად ქმნიან ამ წრეს და ყოველთვის პოულობენ ალტერნატიულ გზას, საკუთარი შეხედულებებისა და მრწამსის გამოსახატავად.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი,  ქართული ანდერგრაუნდის მამა,- რობი კუხიანიძეა. მისთვის მუსიკა ყველაფერია „აუტსაიდერი“,  კი ჯგუფი, რომელმაც ეს ყველაფერი მისცა.

უშუალო, თბილი და საინტერესოდ გულწრფელი, საუბრობს ყველაფერზე, რაც უყვარს და რაც უნდა, რაზეც ოცნებობდა,  რაც გაუკეთებია, რაც შეუძლია და რაც არ შეუძლია იმაზეც. როგორც ჩანს, საქართველოში ალტერნატიული მუსიკის ქართველი ფუძემდებელიც კი არაა  ბოლომდე თავისუფალი. ვგულისხმობ იმ „არ შეიძლებას“, რაც მხოლოდ საქართველოშია, და დავაზუსტებ, რომ მას აქ, ამ ქვეყანაში „არ შეუძლია...“

 როგორც თავად რობი ამბობს,  გამოუსწორებელი ოპტიმისტია. დღესაც ბავშვად თვლის თავს და მისი ტრაგედიაც ის არის, რომ საზოგადოებაში არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. არა,  სხვებისთვის  არაა არასერიოზული, საკუთარ თავთან მიმართებაშია ზედმეტად ბავშვი

რა გააკეთა, რა უნდა და რა არ შეუძლია...

 გვითხრა  „აუტსაიდერი“  მე არ გამიკეთებიაო, ასე არ ხდებოდაო მაშინ, დღეს მუსიკას, რომ ემსახურებიან და  შემოქმედებას გათხოვებითა და ცოლის მოყვანით ასრულებენო.

 -მე რაფერ მომიწია იცი? ერთ მშვენიერ დღეს, მივხვდით მეტი აღარ შეგვეძლო. გადავწყვიტეთ,  ჩვენი აზროვნება, ის რითაც ვცხოვრობდით რაღაც ფორმით გამოგვეხატა,  გამოხატვის ათასგვარი საშუალებიდან,   ალტერნატიული მუსიკა ავირჩიეთ, ეს იყო და ეს.

შემდეგ მუსიკა  ყველაფერი გახდა...

-კი, იციი, მუსიკა ჩემი ცხოვრების ფონია, -„აუტსაიდერი“  ის წრეა, რომლის შიგნითაც დავბორიალობ. არ მიყვარს ამ წრეს გარეთ ყოფნა. ეს ჩემი ყველაზე დიდი საქმეა, მთელი ჩემი სიყვარული, ტკივილი, მშვენიერება...  იცი ეს რამხელა რამეა ჩემთვის? - მეკითხება ის და თავადვე მპასუხობსს, - „აუტსაიდერი“  ეს  უფლის ადგილია ჩემს გარშემო...

ამიტომაც არ შემიძლია, მუსიკა პროფესიად გავიხადო. ადამიანს, რომელსაც სამსახური არ მაქვს არც მინდა. მაგრად არ მაინტერესებს პროფესია,- თუნდაც ხუთიათასი დოლარი მქონდეს ხელფასი, და პრემიები კიდევ.  უბრალოდ, არ შემიძლია პარლამენტარი ვიყო, ან აქტივისტი, ან  აფერისტი...  ვიზიარებ ასეთი ხალხის მწუხარებას.  ვიცნობ მე ადამიანებს, რომელთაც სტკივათ, ის საქმე, რომელსაც აკეთებენ,  მაგრამ ისეთი დროა ახლა, ფული წყვეტს ყველაფერს.  მეც ვიყავი შეჩვეული ფულს,  მეც მქონდა, მაგრამ ახლა აღარ მაქვს, გავთავისუფლდი მისგან და ბედნიერი ვარ.  ფული რომ ჰქონდეს ადამიანს, საქართველოში არ  გაჩერდება,  გამოთაყვანდება და იმიტომ.  ფული იმისთვისაა, რომ წახვიდე, დედამიწას დაარტყა  წრეები  ფეხით,  ველოსიპედითაც არ ვამბობ.  სახლიც არ უნდა გქონდეს და კარი. სასტუმროშიც არ უნდა გაჩერდე.  ნაკრძალში  უნდა ჩადგა შენი საკუთარ კარავი და მერე სხვას დაურეკო იქიდან, უთხრა: ჩამოდი რა ჩემთან, ჩემს ტყეში, ერთად დავანთოთ  კოცონი, გავთბეთ...  აი ასეთი ცხოვრება მინდა. უჩარჩოოდ,  ყველაზე მაგარია. ნორმალური შეგნების სახელმწიფოებში  ასე ცხოვრობენ ადამიანები, მათ არჩევანი აქვთ,- ან უნდა აკონტროლო ვიღაცა, ან  თავი აკონტროლებინებო მათ.  

-სხვა  გზა  არ არს?

-კი მესამე შემთხვევაცაა, როცა შენი სახელმწიფო გცემს პატივს და გითავისუფლებს მოქმედების არეალს. მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. აქ ასე არ ხდება,  პირიქით აქ აზროვნებას ხელოვნურად გვიცვლიან და უკვე ღვთის ნებით კი არა,  ვიღაცის მოგონილი კანონმდებლობით ვცხოვრობთ, სხვის წესებს ვექვემდებარებით. არა და არ შეიძლება ასე. მე ღმერთის მწამს, მჯერა, ქრისტიანი ვარ, მეტი კანონი რა შევასრულო? 

-როგორ ფიქრობთრატომ შექმნა ეს იტუაციათუ  სულ ასე იყო?

-ეს ყოველთვის ხდება, ყველგან.  ჩვენთან განსაკუთრებით გაგრძელდა. უკვე ძალდატანებით მონობას დაემსგავსა ეს ყველაფერი.  ჩვენს ტვინებში ვიღაცის ტვინებია ჩაყოფილი და ის მოქმედებს. რამდენი ხანი უნდა ატრიალონ ჩემი ტვინი, ასე ღომივით? სახელწიფო,  სადაც კონსტიტუცია ვერ ყალიბდება და სულ რეფორმებია არშემდეგარი სახელმწიფოა. არშემდგარ სახელმწიფოში კი, არშემდგარი დემოკრატიაა,- არდასრულება.  ასეთ უსასრულობაში ვართ  გაჭედილები.  არ შეიძლება. ვითომ დემოკრატიისკენ  მივილტვით დღე და ღამე და  მონები გავხდით, თავისუფლების მონა თუ ხარ, ეს უკვე  არაა თავისუფლება.

-უფრო კონკრეტულად, რას გულიხმობთ?

-იმდენი რამე ხდება, რას გაიგებ. ეს ყოველდღე კანონების ცვალებადობა რა უბედურებაა, მე საერთოდ არ მაინტერესებს, სად რომელ პუნქტს შეცვლიან იმიტომ, რომ  უსაქმური ვარ,  მაგრამ ვიღაცები ხომ მუშაობენ და  მეცოდება ეს ხალხი.  ვიღაც ფულიანი კაცი გაიჩითა,  რომელიც თურმე ვიღაცეებს აფინანსებდა ამ მთავრობაში  და ამაზე აქვთ ახლა „რაზბორკები“, მე რა შუაში ვარ ხომ?  მაგისთვის ფული მე არ გამომირთმევია და შენ  არ აგიღია.  ჩვენ რატომ გვაწუხებენ?

კიდევ კარგი  ფული გაქრა ჩემი ცხოვრებიდან  და ამით მაინც ვარ ბედნერი.  შემოქმედ ადამიანს ყველამ უნდა დაანებოს თავი. დემოკრატია მაშინაა დემოკრატია, როცა თავისუფალია, მას ყველგან მწვანე უნდა ჰქონდეს ანთებული, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ასეა.  აქ კიდევ იცი რამდენი ხელოვანი  ოცნებობს ქვეყნიდან გაქცევაზე.

-ხო, მაგრამ არიან მუსიკოსებიცრომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს ასეთ პირობებში. უფრო მეტიც,  დღეს განსაკუთრებითმომრავლდნენ ე.წ. ხელისუფლების მეხოტბე მომღერლები

-მათ მე „სამეფო კარის მუსიკოსებს ვეძახი“ დაკვეთაზე მუშაობენ და ყველა სახელმწფოში ხდება ასე. ეს  მათი არჩევანია და ტრაგედია არაა. უნდათ ასე არჩინონ ოჯახი. მართალია, საქართველოში ამ საქმით ოჯახს ვერ არჩენ, მაგრამ ვთქვათ, არიან მუსიკოსები, რომელთაც სილიკონის ტუჩები უნდათ, იმ სილიკონს ყიდვა ხომ სჭირდება?  ზოგს რა ჭირს იცით? გონიათ, რომ თუ იქ არ იქნებიან სადაც ეძახიან ავტორიტეტები ვერ გახდებიან. არა და მსოფლიოში არსებობენ მომღერალები, მილიონერები არიან,  მაგრამ სულ ფეხებზე კიდიათ წოდებებიც,  ვარსკვლავებიც  და ავტორიტეტებიც.  ანდერგრაუნდის ადამიანები, რომლებიც 27 წლის ასაკის ზემოთ არ მიდიან, მაგრამ ლეგენდებად რჩებიან. ჯენის ჯოპლინი, იგივე მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი... ჩვენთან  სანამ 80-90 წელს არ მიაღწევენ და ვარსკვლავს არ გაუხსნიან, იქამდე არ ჩერდებიან და არც კვდებიან. 

-ჩვენთან ვინ იყო ლეგენდა?

-ძალიან ბევრი გვყავდა ჩვენც. მაგალითად, ჰამლეტ გონაშვილი უდიდესი ადამიანი. კინომუსიკა  ავიღოთ, თუნდაც  გია ყანჩელი, ყველაზე  მარტივი და ყველაზე მაგარი,- ესაა მუსიკა. ეს მიყვარს მე, ბევრი თითები, რომ ურევია და ერთი წვეთი ოფლი არა აქვს,  ეგ მუსიკა არაა, სუნი არ უნდა აგდიოდეს,  მაგრამ თუ შენს საქმეს ემსახურები სუფთა ოფლი მაინც უნდა გამოგდიოდეს.

,,პროვინიალი“, პარტია და  კომერცია...

-„აუტსაიდერს“ თავის დროზე „პროვინციალი“ ერქვა....

-კი, ეს ის დროა დიდი კონცერტის გაკეთების საშუალება, რომ არ გვქონდა, ეს  ან თბილისში იყო შესაძლებელი, ან მოსკოვში.  მოსკოვზე  არც ვოცნებებდით , თბილისში  კიდევ  სოფლელებს გვეძახდნენ,- პროვინციალებს, ჩვენც დავთანხმდით, -  მოდი ვიქნებით „პროვინციალი“,  მერე  „პროვინციალ ბენდი“  დავირქვით. ასე გვერქვა მანამ, სანამ გასვლა არ გადავწყვიტეთ,  შემდეგ  „აუტსაიდერი“ დავირქვით.

-რა ჯდებოდა მაშინ  გემოვნებიანი მუსიკის კეთება?
(რობი რუსული ანდერგრაუნდის უთვალსაჩინოეს ფიგურა პეტრე მამონოვთან მეგობრობდა. სწორედ მის სტუდიაში ჩაწერა "აუტსაიდერმა" თავისი პირველი ალბომი "inside" მოსკოვში 1992 წელს. სხვათა შორის, ეს ალბომი პირველი ფირფიტა იყო ქართული როკ-ჯგუფების ალბომებს შორის, რომელიც საზღვარგარეთ ჩაიწერა. სწორედ „აუტსაიდერი“ იყო ერთადერთი ქართული კოლექტივი, რომელმაც 1991 წელს მონაწილეობა მიიღო ჯერ ტალინის, შემდეგ მოსკოვის საერთაშორისო ალტერნატიული მუსიკის ფესტივალზე).

-„აუტსაიდერის“  ღირებულება სულ  35 ათასი დოლარია, რომელიც 1991 წელში  მოსკოვში ჩავიტანე. ეს  ჩემი ცხოვრების ბოლო ფული იყო, ავიღე და დავდე, იმისთვის, რომ ჯგუფი გაკეთებულიყო. მას შემდეგ  კაპიკი არ მიმიმატებია  და  სარგებელიც არ ამიღია იქიდან არაფერი, გარდა იმისა, რომ ახლა თქვენ მასზე გესაუბრებით,  მართალი გითხრა, სიყვარული  ყველაზე დიდი სარგებელია ჩემთვის...

რატომაა თქვენი მუსიკა კომერციულად არამომგებიანი?

-ჯერ ერთი და, მე ვინ შემიშვებს კომერციაში. საქართველოში კომერციული გზა მაშინ იხსნება, თუ რომელიმე პარტიის წევრი და მუსიკოსი ერთდროულად იქნები.  არა, გაფიცებთ  ყველაფერს მუსიკოსმა, პარტიაში რა უნდა აკეთო? კაი ვიყო მხატვარი, ვიღაც ვხატო  და ვიღაცის გემოვნებაზე ვიმუშაო? არა ესეც არ  შემიძლია...

-როგორ ფიქრობთისინი როგორ ახერხებენ ამასთქვენ რომ  „სამეფო კარის მუსიკოსებს" ეძახით?

-რ ა გითხრათ, ალბათ ისინი ძალიან სუსტები არიან იმისთვის, რომ შემოქმედებითად იცხოვრონ.  ყველაზე მოკლე გზა წარმატებისკენ ისაა, რომ ჩაბარდე. ბევრი  მუსიკოსია ასე, მთელი ხელოვნება ასეა. არ ვიცი რისი ეშინიათ?  ერთი წამით წარმოიდგინონ ჩემი მდგომარეობა და დააყენონ თავი ჩემს ადგილზე. შიში მერე ნახეთ,-  გული გაუსკდებათ.  მე შევეჩვიე უკვე,  გამოვშტერდი და არ ვიცი რა დამემართა.  მახსოვს მუსიკა, რომ დავიწყე, სულ იმას ვამბობდი,- მე მუსიკაში  ფულს ავიღებ,  ეს როგორ უნდა გავაკეთოთქო!  ვხარჯე  და ვხარჯე რაც მქონდა. შემეშალა რა, პირდაპირ უნდა მეთქვა მეც,- ფული მინდა და ყველაფერს გავაკეთებ მეთქი, მაგრამ არ შემეძლო. „ბანძ“ სახელმწიფოში ვცხოვრობდი და მაშინ ფულისთვის, რომ ხელი მოემკიდა ძალიან ცუდი ადამიანი ვიქნებოდი. ახლაც არ შეცვლილა არაფერი, „ბაზარი არაა“  წყალიც გვაქვს,  გაზიც და შუქიც, მაგრამ  ყველაზე დიდი სინათლე  რა არის იცით? ადამიანი, რომ  შინაგანადაა განათებული, რომ უხარია. ქუჩაში რომ გადიხარ და მომღიმარი სახეები აქვს ყველას, თბილი სიტყვებით, რომ საუბრობენ. „გენაცვალე,  გეხუტუნე“  სადაა ახლა ასეთი რამე, არაა...  ისეთი მაგარი სიტყვები გვაქვს ამ დალოცვილ ქართულში,  რატომ უნდა ჩამინაცვლონ სხვა ენით არ მესმის,  რად მინდა მე ამერიკელის ღიმილი და ჯღანვა. 

სიყვარულისაბჭოთა კავშირი და  ომი...

-არაფერი არ შემოგვრჩა, გამარჯობა ჩვენ არ ვიცით და სიყვარული. ეს სიტყვა, დღეს მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებს უკავშირდება, ხომ შეიძლება უბრალოდ მიყვარდეს არა? აი ქუჩაში, რომ დავდივართ ერთმანეთს, რომ არ ვიცნობთ არ შეიძლება  უბრალოდ მივიდეთ ერთმანეთთან და ვუთხრათ რომ გვიყვარს? ეს კულტურა არ არსებობს საქართველოში სიყვარული ვერ მიგვაქვს  ერთმანეთამდე. აუცილებელია, დღეები გვქონდეს სიყვარულისთვის?

-თქვენ ხომ ბევრს უყვარხართ, როგორ ფიქრობთ აღიარება საკმარისია ხელოვანი ადამიანისთვის?

-ტყუილია და დამღლელი ყველაფერი, რამხელაზე ეშლებათ იცი ვინ ვარ? ბედნიერებაა, რომ  ბევრ ადამიანს ვუყვარვარ, დიდი პასუხისმგებლობაც თავისთავად. მე სცენაზე მათ ინტერესებს ვიცავ. ყოველი კონცერტი კი, ჩემთვის ომია. იცი როგორი დამღლელია?  უბრალოდ ჩემთვის მინდოდა სიმღერა  და  იცით სად აღმოვჩნდი? აუუუ  მიდის დიდი ომი...  ამას ქვია პოპულარობა?  

მამაანდერგრაუნდი და ახალი კლიპი

-დღეს ქართულ მუსიკაში ანდერგრაუნდი არ არსებობს, არ არის მოთხოვნა და იმიტომ. ზოგს ჰგონია,  რომ რაღაც არის და ეჩვენებათ კიდეც,  რომ ემსახურება  მას. ვერ გეტყვი, ან მთლიანად ყველანი ანდერგრაუნდში ვართ, ან და  არ არსებობს და ეგაა.  საქართველოშია ახლა ასეთი პერიოდია, ვერც იქნება. თაობების ომია გაჩაღებული, „ რაზბორკები მიდის“- მამები ეზიზღებათ შვილებს.  მე მამაჩემის შვილი ვარ და მაგრად მიყვარს მამა, მასზე მაგარი, როგორ უნდა ვიყო, ვერ ვხვდები. შეიძლება ჩემს საქმეში  ძლიერი ვარ, მაგრამ მამას  ვერაფრით  შევედრები. მას  ცხოვრებაში არ დაუკრავს. არც უმღერია, მაგრამ  ისეთ გემრიელ პურს აცხობს, მაგნაირი არსად  მინახავს, თონეში მუშაობდა მეპურედ და  დედაჩემი პურის  ფქვილს მაღაზიაში ყიდულობდა, არასდროს  მოუტანია მამას თონიდან.  აი,  ასეთი პატიოსანი კაცი იყო და როგორ  უნდა ვებრძოლო ახლა მე,  მას?

-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით,  რას უმზადებ შენს აქტიურ გულშემატკივარს?

 - ცოტა ხნის წინ დამირეკა მეგობარმა,  რაღაც  კინომუსიკაზე შემომთავაზეს მუშაობა, თუ არ ვცდები დუტას პროექტია. იქამდე კი ნუცა კუხიანიძემ მომაწოდა  ახალ კლიპზე მუშაობის იდეა.  ნუცასთან ერთი კლიპი „დიმპიტაური“ უკვე გავაკეთე,  მეორე რადიკალურად განსხვავებული იქნება. ნუცამ მომიყვა, როგორი ხასიათის  უნდა იყოს კლიპი  და იმის მიხედვით ვაკეთებ მუსიკას. „მიხარიას“ პონტია, აი რომ ჩაგარტყამენ და გიხარია, რომ გაგინებენ და მაინც გიხარია, აი გაქცევა რომ გინდა,- შორს...