საქართველოს ინტერესებში ოდნავ მაინც თუ იქნება, ნებისმიერი შეხვედრა უნდა შედგეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით სუბარი მიხეილ ჯანელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” სერგეი ლავროვს შეხვდეს.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც და ამისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქმულა ამ ხელისუფლების მხრიდანაც. თუმცა, ჯერჯერობით ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ამისგან რაიმე დადებით შედეგს უნდა ველოდეთ. როგორც კი კონკრეტული შედეგი იქნება მოსალოდნელი, ამისთვის ყველა გზა უნდა გამოინახოს'', - განაცხადა სუბარმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. შესაბამის განცხადებას მიხეილ ჯანელიძე გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აკეთებს.
”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, შეხვედრა შესაძლებელია შედგეს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის ფორმატები, რათა მოხერხდეს რუსეთთან დაძაბულობის ხარისხის შემცირება, მთავრობამ გაატაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, უზრუნველყოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილური გარემოს შექმნა, რათა გატარდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.