ტონინო გუერო: გახსოვდეს, ოპტიმიზმი - უპირველესად ცხოვრების სურნელია

ტონინო გუერო: გახსოვდეს, ოპტიმიზმი - უპირველესად ცხოვრების სურნელია

 

იტალიაში დღეს ტონინო გუეროს დაკრძალავენ. იტალიელი მწერალი, სცენარისტი და პოეტი, ვისი სახელიც ასოცირდება უდიდეს რეჟისორთა შემოქმედებასთან – და ამავე დროს, თავისთავადობასთან. ვისი ინდივიდუალიზმიც ეპოქის ნიშანთა მატარებელია.

 „თვითონაც არ ვიცი, რატომ ვარ მოხუცი! ყოველ დილას საწოლიდან ვდგები, სარკესთან მივდივარ და ჩემს თავს ვეუბნები: „ტონინო, მაინც რამდენი წლის ხარ...“ და თავადვე ვპასუხობ: „არა, ეს ტყუილია!“

ეს შეუძლებელია სიმართლე იყოს, იმიტომ, რომ ყოველთვის ყველას ვურჩევ: „ნუ უსმენთ მოხუცებს!“ მე კი რამდენი რამის თქმა მინდა ადამიანებისათვის! ვგრძნობ, რომ უბრალოდ ვალდებული ვარ, მათ წვიმის ხმაურის დიდებულება, შემოდგომაზე ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლების სევდა, პეპლის ფრთების ნიავის სინაზე ვაგრძნობინო...

ბედმა ამ ყველაფრის დანახვის საშუალება მომცა და ეს მშვენიერი საჩუქარია. სხვა საქმეა, ვიმსახურებ თუ არა ამას. მაგრამ იმედი მაქვს, ვიმსახურებ...“ - თქვა 2009 წელს ერთ ინტერვიუში.

რამდენიმე წლის წინ მთელი იტალია იმეორებდა ტონინო გუერას ფრაზას ერთი რეკლამიდან, რომელიც მან ტელევიზიისთვის შექმნა.

რეკლამაში თვითონვე მონაწილეობს - ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრება და ამბობს: „დიახ, ჯანი, ამ მაღაზიებში შეძლებ იმის პოვნას, რაც შენს ოპტიმიზმს დაეხმარება. მაგრამ გახსოვდეს, ოპტიმიზმი - უპირველესად ცხოვრების სურნელია“.

16 მარტს ყველაზე დიდ ოპტიმისტს 93 წელი შეუსრულდა.

ოთხშაბათს კი -  გარდაიცვალა.

მას სახლთან მდებარე ბაღში დაკრძალავენ, იმ ქმნილებების გვერდით, რომელიც მეგობრების ხსოვნის პატივსაცემად ააგო - საგუშაგო ტარკოვსკისთვსი - ფანტანი - ფელინისთვის და დაფა - ანტონიანისთვის.

დაკრძალვის ცერემონიაზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდა ელოდებიან.