"სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა, დესტაბილიზაცია მოაწყოს"

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა ხერხით ეცდება გაამართლოს მიხეილ სააკაშვილის გეგმები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

რამაზ საყვარელიძემ "პირwელთან" საუბარში განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის პოლიტიკური ბრძოლა და ბევრი სურპრიზიც შეუძლია, შესთავაზოს საზოგადოებას.

"რამდენად რეალურია ეს გეგმა, საზოგადოებაზეა დამოკიდებული. თუ ამომრჩევლები არჩევნებზე პასიურები იქნებაინ, რისი ნიშნებიც ჩანს, მაშინ პროცენტულმა შემადგენლობამ შეიძლება, გარკვეული უპირატესობაც კი მისცეს "ნაციონალურ მოძროაბას". თუ ამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე, მათი პროცენტული მაჩვენებელი გაიზრდება", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებზე ვერ მოიპოვებს ისეთ უმრავლესობას, რომ მთლიანად დაეუფლოს პარლამენტს, მაგრამ მეტ-ნაკლებად, ძლიერი პოლიტიკური მდგომარეობა შეიძლება, შეექმნას.

"ეს არის ერთი გზა.  ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს მეორე გზაზეც, რომლის იმედი უფრო აქვს სააკაშვილს. თუ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებზე იმდენივე ხმას მოიპოვებს, რამდენიც "ქართული ოცნება", ან იმაზე ნაკლებს, NDI- ს და IRI- ს კვლევების საფუძველზე დაიძახებს, რომ არჩვნები გაყალბებულია და შეეცდება, საპროტესტო დესტაბილიზაციას საქართველოში. ამის შემდეგ, არჩევნების შედეგებს აზრი აღარ ექნება. თუ ასეთ დესტაბილიზაციას ვერ მოახერხებს, უცხოეთის წინაშე მაინც გააგრძელებს ბრძოლას იმავე ლოგიკით და ეცდება, რომ უცხოეთიდან წამოვიდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე. ბრძოლის ასეთი რევოლუციური გზა არის ჩაფიქრებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ",- განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ გზით თუ წავიდა პროცესები, საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, უფრო ლოგიკური იქნება, რადგან აღარ მიექცევა ყურადღება, აქვს თუ არა მას საქართველოს მოქალაქეობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში გაიმარჯვებს და ამის შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდება.