"ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სამაგალითოა"

აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკაში ძლიერ ბიძგს მისცემს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღმავებას.

გეგეშიძე მიიჩნევს, რომ ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დაისახება.

"მთავარი მნიშვნელობა ამ ვიზიტის გახლავთ ის, რომ კიდევ ერთი მორიგი, ძლიერი ბიძგი მისცეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და გაფართოებას. ვიზიტის განმავლობაში ერთგვარად შეჯამდება განვლილი პერიოდი, ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე, დაისახება ახალი პერსპექტივები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში არის სამაგალითო ურთიერთობები. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მაქვს მხედველობაში

მისი თქმით, ის ძალისხმევა, რასაც ორივე ქვეყანა მიმართავს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის, თვალნათლივ ჩანს.

"შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია არსებობს იმისათვის, რომ უფრო გაღმავდეს ეს ურთიერთობები", - განაცხადა ელჩმა. 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში დღეს გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება.