ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის შეფასებით, არავითარი პრობლემა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი მიიღოს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის კომიტეტში დღეს დაგეგმილ მოსმენაზე კომენტირებისას განუცხადა, მოლოდინი პოზიტიურია.
„მე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, თუ რას წარმოადგენს დღეს საქართველო. ეს არის 21-ე საუკუნის განვითარებული ევროპული ქვეყანა - განვითარებული თავისი ხედვებით, პოლიტიკური სისტემით, სტაბილურობით, მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა, რომელიც პატარა ქვეყანას დაატყდა თავს და მიუხედავად გამოწვევებისა. ვფიქრობ, საქართველოს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს ევროპულ ოჯახში და ვიზალიბერალიზაცია ამის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება. ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ საქართველოს სურვილს უკავშირდება. ევროპული სურვილიც არის, რომ მათ რიგებს შეემატოს ის ქვეყანა, რომელიც ამას იმსახურებს და პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს.
საკითხი 21 აპრილის სხდომის დღის წესრიგში იყო ჩანიშნული, თუმცა მისი განხილვა დღეისთვის გადაიდო.
საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს იმ ქვეყნების სიაში გადაყვანას, რომლის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ საკანონმდელო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში კი მას ევროკავშირის საბჭოს წევრებმა უნდა დაუჭირონ მხარი.
საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 9 მარტს წარუდგინა.