შეიძლება იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამეს ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ

შეიძლება იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამეს ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ

იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამესაც ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განუცხადა.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშს წარადგენს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც ესწრებიან. მურუსიძემ არასამთავრობო სექტორს თხოვით მიმართა, რომ დიალოგის რეჟიმში გადავიდნენ.

„მოვისმენთ შენიშვნებს, მაგრამ პირველ რიგში, რასაც ვითხოვთ ეს არის პატივისცემის გამოხატულება, თუ არ იქნა პატივისცემა, არ იქნება არაფერი. სასამართლოს აქვს ძალა, მიდის დამოუკიდებლობისკენ, გაძლიერებისკენ და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. მოვისმენთ ნებისმიერ პოზიციას, მაგრამ შეურაცხყოფას სასამართლო არ მიიღებს. თხოვნა მექნება არასამთავრობო სექტორის მიმართ, რომ კარგი იქნება თუ დიალოგის რეჟიმში გადავალთ, მერწმუნეთ, ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი. შეიძლება იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამესაც ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლეთა დანიშვის შესახებ ანგარიშში გამოთქმულ შენიშვნებს გამოეხმაურა. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს იმ კანონის შესაბამისად, რომელიც არსებობს.

„პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი. თუ იქნება მიღებული ახალი კანონი, ვიხელმძღვანელებთ ახალი კანონის შესაბამისად. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს გარკვეულ კანდიდატებთან, რა კანონიც არ უნდა მივიღოთ, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ვინ დაინიშნება და ვინ - არა. ზუსტად კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე მიდის ლანძღვა და მითითება, რომ არ უნდა იყვნენ დანიშნული. მაშინ მიგვითოთონ, რომელი კანდიდატები უნდა იყვნენ არჩეული, რათა ჩაითვალოს, რომ პროცესი მოხდა გამჭვირვალედ“, - განაცხადა მურუსიძემ.    

რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის ნაწილში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, მურუსიძემ აღნიშნა, რომ იგივე მასთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილა, რადგან როცა ის დანიშნეს, საკუთარი კანდიდატურისთვის ხმა არ მიუცია.