ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ექსპრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" ისაუბრა.
ექსპრეზიდენტმა საკადრო განახლებაზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ არსებობს წარმატებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერდა, ახლა კი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა სურს.
„ვიმეოროთ ახლა ავად სახსენებელი ცხრა წელი, საამაყო იყო, გავიგეთ რომ საამაყო იყო, ხალხმაც იცის, რომ საამაყო იყო, ხალხმა ისიც იცის რა შეცდომები იყო, ისიც იცის რა გადაცდომები იყო, ისიც იცის, ვის რა უბედურებაც ჰქონდა ჩადენილი. ახლა ხალხს უნდა უთხრა რა იქნება. ეს არის პირველ რიგში, საკადრო განახლება. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვიცი ძალიან ბევრი გამოჩენილი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც მთელი ეს პერიოდი გვიჭერდა მხარს ისედაც, ახლა იძახის, რომ ჩვენც გვინდა ჩავერთოთ ამაში და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ამაში ჩაერთონ",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას 2016 წლის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება. მისივე თქმით, დღეს საქართველოში ორი პოლიტიკური სუბიექტი არსებობს, რომელთა შორისაც პოლიტიკური ბრძოლა გაიმართება. სააკაშვილის აზრით, ერთი პოლიტიკური გუნდი უკავშირდება ივანიშვილის სახელს მეორე კი მას.
„ხომ ყველამ იცის, რომ შეგვიძლია საქმის კეთება, რომ ყველაფერს, რასაც ვამბობთ ვაკეთებთ. ჩვენ ხომ ძეგლები არ ვართ, ჩვენ ვართ ორფეხა ადამიანები, რომელსაც აქვს ხელის წაცდენები, სისუსტის მომენტები და სიძლიერის მომენტებიც. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვიც არ მეპარება. არის ორი ძალა, ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე. არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი. ეს მე მაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც უკრაინაში არ მივილტვი თანამდებობისკენ, მე დღეს საქართველოში არაფრისკენ არ მივილტვი. ჩემი ამოცანა არის, რომ რადგან ასე ჩამოყალიბდა ხალხის თვალში, ან ეს რუსი ოლიგარქი ან ის რასთანაც მე ვარ დაკავშირებული, მე თვითონ ვიყო ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე ოდესმე. როგორც იგეგმება და როგორც ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, მერე ჩამოვიდე, დავსხდეთ და დავეხმაროთ იმ ხალხს, იმ ჯგუფს, რომელიც გაიმარჯვებს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო აპარატიდან მას საკმაოდ ბევრი ადამიანი ხვდება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე.