მიხეილ ჯანელიძე - ველოდებით, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს

მიხეილ ჯანელიძე - ველოდებით, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს

ველოდებით, რომ ევროპარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს საქართველოს საკითხს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს აშშ-ში განუცხადა, რითაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის კომიტეტში დღეს დაგეგმილ მოსმენას გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ჩვენ გვექნება როგორც ევროპარლამენტის, ისე ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა. ”კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციისადმი არსებობს სრული მხარდაჭერა. ჩვენ ველოდებით, რომ ევროპარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს საქართველოს საკითხს და ჩვენ გვექნება ჯერ პარლამენტის, შემდეგ კი საბჭოს მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დროულად იქნას მიღებული გადაწყვეტილება”, - განაცხადა ჯანელიძემ. ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს. საკითხი 21 აპრილის სხდომის დღის წესრიგში იყო ჩანიშნული, თუმცა მისი განხილვა დღეისთვის გადაიდო. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს იმ ქვეყნების სიაში გადაყვანას, რომლის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ საკანონმდელო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში კი მას ევროკავშირის საბჭოს წევრებმა უნდა დაუჭირონ მხარი. საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს 9 მარტს წარუდგინა.