დღეს შს მინისტრი განცხადებას აკეთებს იმ ფონზე, როდესაც ყველა კვლევაში კატასტროფულ ვარდნას ვხედავთ პოლიციის ინსტიტუტის ნდობის კუთხით, როდესაც სულ რაღაც ოთხიოდე წლის წინ პოლიციის ინსტიტუტის ნდობა უმაღლეს დონეზე იყო, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
გივი თარგამაძის თქმით, მოქმედი შს მინისტრის განცხადება გულწრფელი არ არის და მხოლოდ განცხადებებით მღებრიშვილი პოლიციელებისადმი კეთილგანწყობას ვერ უზრუნველყოფს.
” მოქმედ მინისტრს ვეტყოდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებით პოლიციის კეთილგანწყობას, მითუმეტეს, სისტემის მუშაობას ვერ უზრუნველყობ. მითუმეტეს, როდესაც განცხადება არის ნამდვილად არაგულწრფელი, თითქოსდა, პოლიციის თანადგომისა და მფარველობის სურვილია გამომხატული, მაგრამ ეს ფაქტობრივად არ ხდება ”, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
”ნაციონალური მოძრაობის” წევრის განმარტებით, პოლიციის ხელმძღვანელობას თავიდანვე უნდა ეფიქრა პოლიციელების ღირსების შენარჩუნებაზე.
”ამაზე უნდა ეფიქრათ მაშინ, როდესაც პირველად პოლიტპატიმრებს, მაგალითად მელორ ვაჩნაძეს არტყმევინეს თავში პოლიციელებისთვის და ამის გამო მან არანაირი პასუხი არ აგო, ამაზე უნდა ეფიქრათ მაშინ, როდესაც ქუთაისის ფაქტზე პოლიციელი გაასამართლეს განზრახ მკვლელობის მუხლით, ამის მერე ვარწმუნებ მას, რომ არც ერთ პოლიციელს აღარ სჯერა, რომ ხელმძღვანელობა დაიცავს. ამაზე უნდა ეფიქრათ მაშინ, როდესაც ათასობით პოლიციის სპეცრაზმელი დაკითხეს შეურაცხმყოფელი ფორმით, შანტაჟით, როდესაც პოლიციის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი სპეცრაზმის ხელმძღვანელი დღეს ციხეში ზის, როდესაც ქვეყნის წინაშე დამსახურეებული პოლიციელები დღეს ციხეში სხედან, როდესაც კონტრდაზვერვის შემქმნელი ამ ქვეყანაში და რუსული აგენტურის პროდუქტიულად აღმოფმხვრელი დღეს ციხეშია, ამაზე უნდა ეფიქრათ მაშინ, როდესაც პოლიციელებს სოციალური მდგომარეობა უკიდურესად დაუმძიმეს, როდესაც სადაზღვევო პაკეტი შეუმცირეს, როდესაც სადაზღვევო პაკეტიდან ოჯახის წევრები ამოუყარეს, როდესაც ხელფასი აღარ გაუზარდეს და ლარის ვარდნის პირობებში ხელფასი პრაქტიკულად შეუმცირეს, როდესაც პოლიცია არანორმირებული სამუშაო გრაფიკით მუშაობს, როდესაც ცვლების ნაცლად, რაც თავის დროზე კარგად დალაგებული იყო, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობს, მაშინ როდესაც მოშალეს მთელი პრევენციული სისტემა, მაშინ როდესაც წინასწარი ინფორმაციის მიღების სისტემა მოშალეს და შესაბამასად, პოლიციელებს უკვე მომხდარი დანაშულის კვალდაკვალ უხდებათ ძიება, რაც არაპროდუქტიულია. მაშინ როდესაც აიძულეს პოლიციელები, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი ქმედებები ჩაედინათ, როდესაც ძალადობით აჯარიმებინებდნენ რიგით მოქალაქეებს 100 ლარით და 200 ლარით, ეს ხომ იყო თითქოსდა, ხელმძღვანელობის მხრიდან გამიზნული აქცია, რომ ის კეთილგანწყობა რაც იყო პოლიციის მიმართ, ხელოვნურად ჩამოეშალათ და შეესუსტებინათ”, - აღნიშნა გივი თარგამაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი განცხადებას ავრცელებს.
როგორც მინისტრი აცხადებს, ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.