23 და 24 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მოწვეული პროფესორები აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს - STEM აკადემიას ჩაუტარებენ. ხვალ, 23 აპრილს, 9:30 საათზე STEM აკადემიას გახსნილად გამოაცხადებენ და მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი კენ უოლში მიმართავენ.
ამერიკელი მეცნიერების საქართველოში ვიზიტის მიზანია საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM - Science, Technology, Engineering, Math) დარგებით დაინტერესებული მე-12 კლასელებს ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროს უახლესი აღმოჩენები და მიღწევები, აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო თემები გააცნონ.
სემინარზე დასწრებისთვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ავტობუსი ვარდების მოედნიდან ტექნოპარკისკენ დილის 9 საათზე გავა.