9 აპრილმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება

9 აპრილმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება

9 აპრილი დარჩება იმ ახალგაზრდების გმირობის ამბად, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წუხელ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც მან 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 9 აპრილმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება. „ეს არის დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას. ეს იყო თავგანწირვის მაგალითი და იმ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველების ცნობიერება და განმტკიცდა რწმენა იმის, რომ შესაძლებელია თუნდაც შენზე ბევრად აღმატებულ ძალას აღუდგე წინ მტკიცედ და ვაჟკაცობით. სამწუხაროდ, შემდგომ წლებში ამ გმირთა ჩამონათვალს ბევრი სახელი შეემატა. 9 აპრილი დარჩება იმ ახალგაზრდების გმირობის ამბად, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.