მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოს მთავრობის წევრებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მინისტრებმა საქართველოს უახლოეს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს დღე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საწინდარი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს, მაგრამ 25 წლის შემდეგ ქვეყნის წინაშე კვლავ დგას ოკუპაციის საფრთხე და საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია.

„9 აპრილი არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 25 წლის განმავლობაში ვიბრძვით საქართველოს წარმატების მოპოვებისთვის და ევროპაში ინტეგრაციისთვის, ჩვენს წინაშე კვლავ დგას ოკუპაციის საფრთხე და საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ ისევ ვიბრძვით გათავისუფლებისთვის და, რაც მთავარია, ეს ბრძოლა არის მშვიდობიანი. ჩვენ მშვიდობიანი გზით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სუვერენული და თავისუფალი სახელმწიფო“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი იმყოფებოდნენ.