შალვა რამიშვილი - ვისაც აქვს განცდა, რომ მასზე სექსუალურად ვიძალადე, ერთად მოგროვდნენ და პროკურატურას მიმართონ

შალვა რამიშვილი - ვისაც აქვს განცდა, რომ მასზე სექსუალურად ვიძალადე, ერთად მოგროვდნენ და პროკურატურას მიმართონ

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი გამორიცხავს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით რაიმენაირ კავშირში გარეულ იყოს ხელისუფლება.

როგორც შალვა რამიშვილმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ის მის საქმესთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა კავშირი ჰქონდეს გავლენიან პირებს. თუ ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს გავლენიან პირებში, შალვა რამიშვილს დაკითხვაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

„მნიშვნელოვანია, გიორგი ბახტაძის, „იმედის“ ხელმძღვანელობის განცხადება კონტრაქტის შეწყვეტაზე. ეს არის ამ საქმის გასაღები. 2 ტომი მტკიცებულებები შეკრებილია ჩემს მიერ. მთავარი არის ის, რომ გიორგი ბახტაძეს მოვთხოვოთ კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი“, - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მოუწოდებს იმ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ შალვა რამიშვილმა მათზე იძალადა, ან ძალადობის მცდელობა ჰქონდა, პროკურატურას მიმართონ.

„მივმართავთ ყველა ქალბატონს, ან შესაძლოა ეს კაციც იყოს, ვისაც აქვს განცდა, რომ მე მასზე სექსუალურად ვიძალადე, ერთად მოგროვდნენ და მიმართონ პროკურატურას. თუ ვინმე აცხადებს, რომ მოძალადე ვარ, ეს არის ჩემი ღირსების შემლახავი განცხადება და მას მოუწევს ამის დამტკიცება“, - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

რაც შეეხება აუდიოჩანაწერს, რომელზეც თათია სამხარაძე საუბრობს, რამიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ტიპის აუდიოჩანაწერი, ეს მტკიცებულების სახით თათია სამხარაძემ უნდა წარადგინოს შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, კერძოდ პროკურატურაში.

შალვა რამიშვილი პროკურატურაში 16:00 საათზე საკუთარ ადვოკატთან ერთად შევიდა.