"გია ცაგარეიშვილს მისამართი შეეშალა"

საპარლამენტო უმრვალესობის წევრ, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე დაკავებულ ვაჟა ლელუაშვილს "ქართულ ოცნებასთან" კავშირი არასდროს ჰქონია.

სესიაშვილის თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი, როდესაც "ქართული ოცნების" მიმართ ბრალდებებს აყენებს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ჭორებს ეყრდნობა.

"გია ცაგარეიშვილს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვურჩევ, რომ მისამართი კარგად განსაზღვროს, ეჭვი მაქვს, რომ მას მისამართი შეეშალა. შეეშალა იმ კუთხით, რომ ის ეყრდნობა ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ჭორებს. აგიხსნით, ეს ჭორები რაში მდგომარეობს. დაკავებულ ლელუაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონია "ქართულ ოცნებასთან" და ჩატარებულ არჩევნებთან. ეს არის ტყუილი. ეს არის შემოგდებული თემა, რომ როგორმე ვიღაცამ ეს მძიმე დანაშაულები, ეს თემა გადაფაროს. ცაგარეიშვილს ვურჩევდი, მაინცდამაინც, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციებს ნუ დაეყრდნობა. ურჩევნია, თავად გაიკითხოს და სცადოს სწორი ინფორმაციის მოპოვება, თუ არადა ამაში "ქართული ოცნება" გვერდში დაუდგება", - განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია "პირველში" ჩართვისას.

სესიაშვილის თქმით, ასევე აბსურდულია ცაგარეიშვილის ბრალდება, თითქოს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ვაჟა ლელუაშვილი გაათავისუფლა.

"არავის არავინ გაუთავისუფლებია. ვურჩევ, ბატონ გიას, ინფორმაცია დააზუსტოს. ამ პირის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. მისთვის ბრალი არავის მოუხსნია. სასამართლომ გარკვეულ ეტაპზე გამოიყენა გირაო, ეს ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ იყო, და ის საქმეც, რომელიც დაწყებული იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე მივა. შეიძლება, ბევრს გაუჩნდეს კითხვა, რატომ არ იყვნენ ეს ადამიანები ამდენი ხანი დაკავებულები. როდესაც "კასრების საქმე" გაიხსნა, იქ ორი ტიპის ვიდეოჩანაწერები იყო, ერთი წამების ამსახველი და მეორე - პირადი ცხოვრების. მაშინ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემქნა კომისია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჰამერბერგი იყო მოწვეული, როგორც ექსპერტი და მაშინ, ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ფარული ჩანაწერები რომ განადგურებულიყო. შესაბამისად, ჩანაწერები განადგურდა. მას შემდეგ, რაც ეს ფარული ჩანაწერები გამოჩნდა, მხოლოდ ამის შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე", - განაცხადა სესიაშვილმა.