"ნაციონალურ მოძრაობას" ერთადერთი უფლება აქვს - დაფიქრდნენ, რას ნიშნავს სიტყვა "ბოდიში"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელების გამოძიებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საქმე შეასრულა.

სესიაშვილი იმედს იტოვებს, რომ პროკურატურა იმასაც დაადგენს, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური მიზნები იყო, რომლის იდეოლოგებიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ.

"პროკურატურამ ამ საქმის გამოძიებაში მნიშვნელოვანი საქმე შეასრულა. აღმოჩენილია ის ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ახდენდა მიზანმიმართულ, პოლიტიკური მოტივებით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ჩაწერას. დადასტურებულია, რომ ეს ფირები გადაღებულია 2012 წლის არჩევნებამდე. იმედს გამოვთქვამ, რომ ასევე შეძლებს პროკურატურა დაადგინოს, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური მიზნები იყო, რომლის იდეოლოგებიც მაშინდელი პოლიტიკური ლიდერები, ხელისუფლება იყო. აქამდე მივა ეს ყველაფერი და ერთხელ და სამუდამოდ, დადასტურდება სისტემური დანაშაული. დადასტურდება ის პოლიტიკური იდეოლოგია, რომლითაც მაშინდელი პოლიტიკური ლიდერები ქვეყანას მართავდნენ. დღეს კი, ოპოზიციაში გადმობრძანებულები თითს იშვერენ დღევანდელი ხელისუფლებისკენ, რაც უბრალოდ სირცხვილია", - განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

მისი თქმით, ერთადერთი, რისი უფლებაც აქვს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ერთადერთი უფლება აქვთ - გამოიყენონ და დაფიქრდნენ, რას ნიშნავს სიტყვა "ბოდიში". "ნაციონალურ მოძრაობას" რომ გამოეყო რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ რა არ იცოდნენ, რა პოლიტიკური ძალის თაყვანისმცემლები იყვნენ?! დღეს არ იციან რა დანაშაულები ჩაიდინა ხელისუფლებამ? გინდა წამება ავიღოთ და გინდა ფარული ჩანაწერები", - განაცხადა სესიაშვილმა.