"ნაციონალური მოძრაობის" წევრ სერგო რატიანის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-შენახვის ბრალდებით დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი ამ ხელისუფლების მოკავშირე იყო.
სერგო რატიანმა "პირველი TV"-ს პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ 2012 წელს გარდაბანში, ვაჟა ლელუაშვილი საარჩევნო კამპანიას "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ატარებდა.
"ვაჟა ლელუაშვილი გამგებლის არჩევნებში, გარდაბანში იყო შტაბის არაფორმალური უფროსი. რეალურად, მან ჩაატარა საარჩევნო კამპანია. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ის პირველივე დღიდან "ოცნებაში" გადაბარგდა. ეს კამპანია აღინიშნა იმაში, რომ ჩვენს მხარდამჭერებს დევნიდნენ. ეს ადამიანი დღეს დაკავებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ის არის პირდაპირ ამ ხელისუფლების მოკავშირე. 2012 წლამდე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში ხდებოდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აიღო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კადრების გავრცელება არ ხდებოდა. ის პოლიტიკა, რომ პირადი ცხოვრებით შანტაჟი ხდება, 2012 წლიდან ტარდება. მე ვხედავ რა პრობლემები იყო წინა წლებში, ეს იყო ძირითადად კონტროლის არარსებობა",- აღნიშნა სერგო რატიანმა.
მისივე თქმით, ამ გამოძიებამ ბიძგი მისცა ახალ დანაშაულებს იმ გაგებით, რომ დღეს ვრცელდება კადრები და პირდაპირი შანტაჟი.
სერგო რატიანს უკვირს, თუ რატომ დაიჭირა საგამოძიებო უწყებამ ვაჟა ლელუაშვილი, რადგან მისივე მტკიცებით, "დაკავებული სამი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი იყო".
შეგახსენებთ, რომ გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.
კერძოდ, პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;