პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე დაკავებული 5 პირი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც მთავარ პროკურატურაში სპიკერ-პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, დაკავებული პირები არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, თუმცა გამოძიებას ჰყავს მოწმეები, რომლებიც იძლევიან ჩვენებებს. ამასთან, კაციტაძის ინფორმაციით, მოწმეები უშუალოდ იყვნენ შემხებლობაში როგორც მასალის მოპოვებასთან, ასევე მონტაჟთან.
კოკა კაციტაძის თქმით, მოწმეთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, კაციტაძის ინფორმაციით, მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა რისი ამოღება მოხდა ნივთმტკიცების სახით, პროკურორს არ დაუკონკრეტებია.