ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განაცხადებით, დატოვებენ თუ არა „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებს, ამაზე უფრო მეტი ინფორმაცია მას ვერ ექნება, ვიდრე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს აქვს.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა ხათუნა სამნიძის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებიდან აგვისტოში წავლენ.
„ამიტომ, თუ ხათუნა სამნიძემ ეგ თქვა, დაუჯერეთ. ზოგადად სავარაუდოა, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრებიც, ისევე, როგორც შეიძლება ზოგიერთი მინისტრი „ქართული ოცნებიდან“ იყოს საარჩევნო სიაში ან იყოს მაჟორიტარი. ჯერ არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია ვინ, სად და როგორ იქნება, მაგრამ თუ იქნება, დატოვებს თანამდებობას კანონით გათვალისწინებულ ვადაში“, - განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება მის საარჩევნო სიაში ყოფნას, სუბარმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ არის.
„მე იქ ვიქნები, სადაც გუნდი მოინდომებს“, - განაცხადა სუბარმა.
„რესპუბლიკელი“ მინისტრების მიერ აგვისტოში თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაციას არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ფლობს.
„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ეს „რესპუბლიკელებს“ უნდა ჰკითხოთ“, -განაცხადა ქუმსიშვილმა.