ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, მხარდაჭერისთვის საკმარისი ხმათა რაოდენობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილმა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - თამარ ლალიაშვილმა მიიღო, ნონა თოდუას კი კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია 10-მა დეპუტატმა გაიარა. აქედან ფარულ კენჭისყრაში მონაწილოება კომიტეტის 8 წევრმა მიიღო.
კენჭისყრის შედეგად, თამარ ლალიაშვილს მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ორი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
რაც შეეხება ნონა თოდუას, მას მხარი კენჭისყრაში მონაწილე 5-მა დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა ერთმა მისცა. ორი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, კენჭისყრაზე ორივე კანდიდატი ჩავარდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერის საკითხი საბოლოოდ სესიაზე გავა.