ახალი კოალიციის შექმნა დაანონსდა

ახალი კოალიციის შექმნა დაანონსდა

საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი კოალიციური გაერთიანების შექმნა დაანონსდა. მსგავს შესაძლებლობას ინტერპარტიული ჯგუფის წევრები არ გამორიცხავენ.

ისინი ადასტურებენ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთანაც. არ არის გამორიცხული, მათთან ერთად კოალიციაში საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც გამოჩნდნენ.

"ჩვენ გვინდა, რომ იდეოლოგიურ, საგარეო პოლიტიკური ვექტორის ფუნდამენტზე დაფუძნებული ძლიერი ერთობა შეიქმნას, რომელიც იქნება სერიოზული გავლენის მატარებელი აქტორი პოლიტიკაში, მომავალი 4 წლის განმავლობაში. მსგავსი იდეოლოგიის და საგარეო პოლიტიკური ვექტორის პარტიებთან ჩვენ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, თუმცა ეს პარტიები გვეგულება, როგორც არასაპარალამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციაში,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსზე მსჯელობენ, თუმცა პარალელურად, ლიდერები ერთმანეთში გადიან კონსულტაციებს შესაძლო კოალიციური გაერთიანების თემაზე.

მათ პრემიერ-მინისტრისთვის 15 აპრილამდე აქვთ მიცემული ვადა, რათა რაიმე სახის პასუხი იყოს მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე. არ არის გამორიცხული, სწორედ პრემიერის პასუხის შემდეგ გაახმოვანონ საკუთარი გადაწყვეტილება კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ.