მაჟორიტარული არჩევნებისთვის ბარიერის 50%-მდე გაზრდა ავტომატურად გულისხმობს შანსს, რომ თუნდაც ერთ საარჩევნო ოლქში საჭირო გახდეს მეორე ტური, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ყოველთვის უნდა გაკეთდეს გათვლა იმაზე, რომ შეიძლება საჭირო გახდეს მეორე ტური.
„50%-იანი ბარიერი არის ძალიან სერიოზული დემოკრატიული წინსვლა საარჩევნო სისტემაში“, - აღნიშნა სუბარმა.
ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა დღეს არც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამორიცხა.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სწორედ ამიტომ, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს.
”მე მგონი არავისთვის არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშანს, რატომ 8 ოქტომბერი. ამაზე ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი. ასე, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.