სახელმწიფო სერვისების ერთ სივრცეში მიწოდებისთვის შენობის აშენება ორთაჭალის ავტოსადგურის გვერდზე არსებულ ტერიტორიაზე იგეგმება, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, 4-პუნქტიან გეგმაში მმართველობის რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მისივე თქმით, დღეს მთავრობაზე გამოიტანეს განკარგულება, რომლითაც სახელმწიფო წილობრივ კომპანიას -აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას დაევალა, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით და უწყების მიერ მიწოდებული პარამეტრებით მოამზადოს პროექტი და შემდგომში მშენებლობა განახორციელოს.
„ის განთავსდება ყოფილი გვარდიის შენობის ტერიტორიაზე, ორთაჭალის ავტოსადგურის გვერდზე არსებული ტერიტორია. შესაბამისად, წლის ბოლომდე გვინდა, რომ იქ გვქონდეს 3-4 სართულიანი შენობა, სადაც პირველ რიგში, იქნება ერთიანი სერვისცენტრის ფართი და შემდგომ უკვე რაღაც პერიოდი განთავსდება ეკონომიკის სამინისტროც, თქვენ იცით, რომ ნაქირავები გვაქვს და შემდგომ უკვე ეკონომიკის სამინისტროზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადავა თუ არ გადავა სამინისტრო და მთლიანად დაუთმობს თუ არა სერვისცენტრს აღნიშნულ ფართს, თუმცა დღეს ეს სიახლე არაფერი მომხდარა. ეს მიმდინარე პროცესია და შესაბამისად, ახლა დიზანის ეტაპზე გადავდივართ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 200-ზე მეტი სერვისი, რომლის გაერთიანებაც იგეგმება.
„შესაბამისად, ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ, ამისთვის 2 მენეჯერი გვაქვს აყვანილი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებაზე მუშაობენ და ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ დეტალურ პრეზენტაციას გავმართავთ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.