ქვეყანაში სიტემური კორუფციაა და ამის წამქეზებელი არის ბიძინა ივანიშვილი

ქვეყანაში სიტემური კორუფციაა და ამის წამქეზებელი არის ბიძინა ივანიშვილი

საკრებულოს დეპუტატ ირაკლი აბესაძის მტკიცებით, დადიანის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო.      როგორც აბესაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ინდივიდუალური სახლებია განთავსებული.

“თბლისის მერი დავით ნარმანია ერთი მხრივ მუდმივად იძლევა დაპირებას, რომ შეზღუდავს ქალაქში მაღალსართულიანი მშენებლობების ნებართვებს და გვპირდება, რომ თითქოს მოაწესრიგებს ქალაქში მშენებლობებს, თუმცა მეორე ხელით აკმაყოფილებს თანამდებობის პირების, მეგობრების და ნათესავების კორუფციულ სურვილებს, კორუფციულ მადას. ამჯერად საუბარია დადიანის ქუჩაზე, “ქარვასლას“ უკან მდებარე ნაკვეთზე, რომელზეც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ერთ კონკრეტულ ნაკვეთზე, სადაც მხოლოდ ინდივიდუალური სახლები მდებარეობს, გასცა ნებართვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის. ეს შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ვინ არის მისი მფლობელი, გასაკვირი არაფერია. აღნიშნულ ნაკვეთს, ფაქტობრივად, ფლობს დეპუტატი ვალერი გელაშვილი. „ქართული ოცნების დეპუტატებისთვის, მისი მინისტრებისა და ნათესავ-მეგობრებისთვის შეუძლებელი არაფერია ამ ქალაქში - ვალერი გელაშვილს ეძლევა საშუალება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის, როცა გარშემო არსად მშენებლობის უფლება გაცემული არ არის. ეს ოაზისი, კუნძული შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ ვალერი გელაშვილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით კი, საქმე გვაქვს პარლამენტარების მხრიდან ზეგავლენით ვაჭრობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალერი გელაშვილი აღნიშნულ ნებართვას ვერ მიიღებდა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ კახი კალაძის, ზურაბ ტყემალაძის, ხაბარელის შემდეგ, კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი სარგებლობს ამ კორუფციული სქემით და იღებს დივიდენდებს თავისი მოგების გასაზრდელად და გასაფართოებლად. ამას აკეთებს ქალაქის განაშენიანების, გარემოს დაბინძურების ხარჯზე და ეს ყველაფერი, როცა ამდენი თანამდებობის პირია ჩართული ამ ყველაფერში, მიუთითებს, რომ კორუფცია არის სიტემური ქვეყანაში და მისი წამქეზებელი არის ბიძინა ივანიშვილი. ის ცდილობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ელიტაში მყოფი ხალხი ჰყავდეს კმაყოფილი. გვაქვს მაგალითი, რომ პრემიერ-მინისტრი არის მოვალე ბიძინა ივანიშვილის, მისი ბანკიდან აქვს აღებული კრედიტები და იხდის იმაზე მეტს, ვიდრე შემოსავალი აქვს. ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე - ასეთი ჩინოვნიკები, იგივე პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ჰყავს ნაყიდი. ის, რაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ბიზნესისთვის, აბსოლუტურად ხელმისწვდომია იმ ადამიანებისთვის, ვინც არის „ქართული ოცნების“ ელიტაში. კორუცია ქვეყანაში არის სიტემური და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამკვიდრებული“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობა გეგმავს, საკითხით შესწავლის მოთხოვნით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართოს.