თუ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა, კიდევ მეტი კონტრიბუციის გაღება და შეთავაზება შეგვიძლია თანამეგობრობისთვის

თუ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა, კიდევ მეტი კონტრიბუციის გაღება და შეთავაზება შეგვიძლია თანამეგობრობისთვის

თუ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა, კიდევ მეტი კონტრიბუციის გაღება და შეთავაზება შეგვიძლია მსოფლიო თანამეგობრობისთვის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თინა ხიდაშელმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს და აღნიშნა, რომ ის საქართველოს მეგობარი და პარტნიორია.

”საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც ბევრი გამოწვევისა და საფრთხის წინაშე დგას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მსოფლიო მასშტაბით არსებობენ ქვეყნები, მინისტრები, სახელმწიფოს მეთაურები, რომლებიც შენი მხარდამჭერები არიან და შენთან ერთად იბრძვიან თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ სამაგალითო თანამშრომლობა გაგვაჩნია ორმხრივ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. გვჯერა, რომ ამ მაგალითს აიღებენ სხვა ქვეყნებიც, რათა უზრუნველვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობა. ვიბრძოლოთ უკეთესი უსაფრთხოებისთვის, უფრო უსაფრთხო მსოფლიოსთვის. მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის, რომელსაც რუმინეთი ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს სხვადასხვა სწავლებაში, პროგრამაში მონაწილეობით სთავაზობს. მეორე მხრივ, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ რუმინელი სამხედროები და ოფიცრები საქართველოში გამართულ ორმხრივ თუ საერთაშორისო სწავლებეში, ჩვენს საწვრთნელ ცენტრებში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე პროგრამებში მონაწილეობენ”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, გასულ კვირას ბრიუსელში განვითარებულმა მოვლენებმა, ანკარაში, პარიზსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა დაამტკიცა, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა, მეტი პარტნიორობა, საჭიროა საზღვრების გახსნა თავისუფლებისთვის და ისეთი ქვეყნების მიღება, რომლებიც საერთო უსაფრთხოების მონაწილენი არიან.

”როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო 15 წელია საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. აშშ-ის შემდეგ საქართველო მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთში. ვმონაწილეობთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში, საერთაშორისო მისიებში ჩვენი კონტრიბუციით გვჯერა, რომ საერთო ბრძოლითა და ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიოს მშვიდობა და უსაფრთხოება მიიღწევა.

მტკიცედ გვწამს, რომ თუკი საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილს, კიდევ მეტი შესაძლებლობა მიეცემა, თუ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა, კიდევ მეტი კონტრიბუციის გაღება და შეთავაზება შეგვიძლია მსოფლიო თანამეგობრობისთვის. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, რომელიც ჩვენი საერთო სივრცეა საფრთხე ემუქრება. ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი ბრძოლა და მუშაობა შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მეზობლები ვართ ამ რეგიონში. სწორედ აქ ვხედავთ მეტ შესაძლებლობებს წარმატებული თანამშრომლობისთვის რუმინეთთან, ბულგარეთთან, თურქეთთან და ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მომავალს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ, რომელიც რუმინეთთან თანამშრომლობას და მეგობრობას ეფუძნება”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.