არჩევნების თარიღთან დაკავშირებული განკარგულება, რომელიც კონტრასიგნაციის მიზნით პრემიერ-მინისტრისთვის არის გადაგზავნილი, შესაძლოა პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს.
აღნიშნულის შესაძლებლობა ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა.
კითხვაზე - შეიძლება თუ არა პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს თავისი განკარგულება, ირინა იმერლიშვილის თქმით, "ყველა ვარიანტი განიხილება".
"ყველაფერზე მიდის საუბარი, ყველა ვერსიაზე, რაც არის დღეს საკამათო, რაზეც მსჯელობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ., ოღონდ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღწეული. როცა იქნება საბოლოო შეთანხმება, ცენტრალური საარჩევნო კომისია გააკეთებს კალენდარს. მოგეხსენებათ, პრემიერი და პრეზიდენტი შეხვდნენ ერთმანეთს და ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება არჩევნების დღესთან დაკავშირებით", - განაცხადა იმერლიშვილმა.
მისივე განმარტებით, "ჯერ კეთდება ინვენტარიზაცია, თუ რა შეზღუდვები, ბენეფიტები ირთვება, როდესაც აქტი ქვეყნდება, არჩევნების დღე ინიშნება და ა.შ."
ირინა იმერლიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარისა და ცესკოს თავმჯდომარის მონაწილეობით პარლამენტში გუშინ საღამოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 5 აპრილს გამოსცა და პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად გადაუგზავნა. თავის მხრივ, პრემიერს კონტრასიგნაციისთვის გადაცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მთავრობის სხდომაზე გასატანად და განსახილველად 10-დღიანი ვადა აქვს.
გიორგი მარგველაშვილის განკარგულების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული განკარგულები კი ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა, რითაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისა და მასთან დაკავშირებული საარჩევნო რეგულაციების ამოქმედების გადავადება ხდება. სამართლის ექსპერტების შეფასებით, აღნიშნულს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რის გამოც, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრს ურჩევენ კონტრასიგნაციაზე უარი თქვას, მეორე მხრივ კი, პრეზიდენტს მოუწოდებენ, საკუთარი განკარგულება უკან გაიწვიოს.