იმ აზრთა სხვადასხვაობაზე, რომელიც გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებამ წარმოშვა, პარლამენტი, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციები და ცენტრალური საარჩენვნო კომისია მსჯელობს.
დღეს საღამოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმარლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში კახა კოჟორიძე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია მონაწილეობდნენ.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ირინე იმერლიშვილმა დაადასტურა, რომ შეხვედრა არჩევნების დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას შეეხებოდა. „დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შევიკრიბეთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ზუსტად იმ საკითხებზე, რაზეც არის აზრთა სხვადასხვაობა. ჯერ რაიმე გადაწყვეტილება მიღწეული არ არის. პრემიერ-მინისტრს აქვს 10 დღე კონტრასიგნაციისთვის. ამ ვადებში ვიმსჯელებთ და უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
კითხვაზე - შეიძლება თუ არა პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს თავისი განკარგულება, ირინე იმერლიშვილი პასუხობს, რომ „ყველა ვარიანტი განიხილება“. „ჯერ კეთდება ინვენტარიზაცია, თუ რა შეზღუდვები, ბენეფიტები ირთვება, როდესაც აქტი ქვეყნდება, არჩევნების დღე ინიშნება და ა.შ.“, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
მისივე აზრით, არჩევნების თარიღი 8 ოქტომბერი არ შეიცვლება, ასევე არ მოხდება საარჩევნო კოდექსის დარღვევა და არჩევნების დანიშვნის შესახებ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები და არა 8 აგვისტოს.
„არანაირი სამართლებრივი ნორმა დარღვეული არ იქნება, თუკი ეს აქტი გამოქვეყნდება, ყველა ის ნორმა, რაც წერია კოდექსში, გამოქვეყნების შემთხვევაში ძალაში შევა“, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. მისივე თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს ყველა იმ ვარიანტზე, რომელზეც მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისაუბრეს და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.