IDFI საქართველოში 2015-2016 წლებში ფარულ მიყურადებაზე ანგარიშს აქვეყნებს

IDFI საქართველოში 2015-2016 წლებში ფარულ მიყურადებაზე ანგარიშს აქვეყნებს

IDFI ანგარიშს - ”ფარული მიყურადება საქართველოში: 2015-2016”, აქვეყნებს. დოკუმენტში განხილულია 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მარტამდე საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოვლენები, ესენია: ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები, კამპანია „ეს შენ გეხებას” აღორძინება 2016 წლის მარტში, ორგასაღებიანი სისტემის პირველი შედეგები და ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლი, ასევე, ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება.

IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ათასობით უკანონო ჩანაწერი გამოვლინდა, ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირება პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

”ამ პროცესში მთავარი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სამართალდამცავი ორგანოების სატელეკომუნიკაციო მონაცემებთან პირდაპირი წვდომის შეზღუდვის საკითხმა. ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და პარლამენტის წევრთა ნაწილი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამგვარი წვდომის შეზღუდვას. მეორე მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი, კამპანია „ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტის წევრთა ნაწილი ითხოვდა პირდაპირი წვდომის შეზღუდვას. ანგარიშში ნათქვამია, რომ მრავალი დისკუსიის, საბოლოო ვადების გადაწევის, ოთხი სხვადასხვა კანონპროექტისა და ორი საპრეზიდენტო ვეტოს შემდეგ პარლამენტმა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მიიღო. ახალი კანონის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეინარჩუნა პირდაპირი წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, თუმცა მიყურადების განსახორციელებლად იგი ვალდებული გახდა სასამართლო ნებართვის მიღების შემდეგ ასევე მოეპოვებინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვა. კამპანია „ეს შენ გეხებამ” მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიღების შემდეგაც განაგრძო პირდაპირი წვდომის შეზღუდვის ადვოკატირება და ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 2015 წლის 31 მარტიდან ამოქმედდა ეგრეთ წოდებული „ორგასაღებიანი“ სისტემა, რომლის მიხედვითაც, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს დაეკისრა ვალდებულება შეამოწმოს სასამართლოს მიერ მიყურადებაზე გაცემული ნებართვის კანონიერი აღსრულება. 2016 წლის 14 მარტს, პირადი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ფარული ჩანაწერის გავრცელებისა და საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, კვლავ გახდა საჭირო კამპანია „ეს შენ გეხებას” აღდგენა. ასევე განახლდა დისკუსია პარლამენტს, სამართალდამცავ ორგანოებსა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორს შორის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრების შესახებ”, - ნათქვამია ანგარიშში.

IDFI-ის შეფასებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლო 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული პროაქტიულად აქვეყნებს მიყურადებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ ინფორმაციას. ეს ვალდებულება წარმოადგენდა IDFI-ისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციას. ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ ვალდებულების აღება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და უნიკალურ შემთხვევად აღიარა.