ვლადიმერ პუტინი ე.წ. პანამის დოკუმენტებს ”რუსი ხალხის ერთიანობის შერყევის მცდელობას” უწოდებს

ვლადიმერ პუტინი ე.წ. პანამის დოკუმენტებს ”რუსი ხალხის ერთიანობის შერყევის მცდელობას” უწოდებს

 პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. პანამის დოკუმენტებს რუსი ხალხის „ერთიანობის შერყევის მცდელობა“ უწოდა. ამის შესახებ პუტინმა სანქტ პეტერბურგში მედიაფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამის ყველაზე მარტივი გზა - ხელისუფლების ორგანოების, მმართველი ორგანოების მიმართ უნდობლობის შექმნაა საზოგადოების შიგნით. ეს წარმატებით იქნა გამოყენებული პირველი მსოფლიო ომის ტრაგიკულ წლებში, როცა ქვეყანა დაშლამდე მიიყვანეს“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, ე.წ. ოფშორული გამოძიების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, კორუფციულ კომპონტენტს არ შეიცავს და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ე.წ. პანამის დოსიეს თანახმად, ოფშორული კომპანიების საშუალებით რუსეთიდან 2 მილიარდამდე აშშ დოლარის გატანა მოხდა, ამ საქმეში რუსეთში ცნობილი მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი ფიგურირებს, თუმცა, როგორც დღეს პუტინმა განაცხადა, როლდუგინს მილიარდები არ გააჩნია.

პუტინის თქმით, ის ამაყობს, რომ როლდუგინისნაირი მეგობრები ჰყავს, მუსიკოსი მთელ ქონებას „რუსეთისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად ხარჯავს“.

„ერთ-ერთ ჩვენს კომპანიაში ის მინორიტარული აქციონერია და გარკვეულ ფულს იღებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მილიარდები არ არის. ეს სისულელეა, მსგავსი არაფერი ხდება“, - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. პანამის დოსიეში არ ფიგურირებს, შესაბამისად „სალაპარაკო არაფერია“.