საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარების დღესასწაული მოსახლეობას სვეტიცხოვლიდან მიულოცა. პრემიერ-მინისტრი დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგიას დაესწრო.
წირვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა და ყველას თხოვნით მიმართა, ერთმანეთს პოზიტიური მუხტი გადასცენ.
„მე მინდა ხარება მოგილოცოთ, ხარება არის იმედის დღესასწაული, როდესაც ადამიანს ღმერთმა ახარა თავისი მოსვლა. მე მინდა, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ ხვალინდელი დღე საქართველოსი არის ნათელი, გქონდეთ იმედი. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ერთმანეთს გადავცეთ პოზიტიური მუხტი. ეს არის ყველაზე მთავარი დღეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პატრიარქმა სვეტიცხოველში დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს, ყოველი ადამიანი სხვებისთვის სიხარულის მახარებელი უნდა იყოს.