პრეზიდენტმა არჩევნების თარიღის დასახელებისას შეცდომა დაუშვა, პრემიერ-მინისტრს შეუძლია პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია თავის თავზე აიღოს და და ხელი არ მოაწეროს პრეზიდენტის აქტს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ჩოკორაია აცხადებს.
ჩოკორაიას აზრით, პრეზიდენტმა ეს მოულოდნელად, პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის გარეშე გააკეთა.
”დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეუძლია პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია საკუთარ თავზე აიღოს და ხელი არ მოაწეროს პრეზიდენტის აქტს. პრემიერი უნდა შეხვდეს ყველა ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეს და მათთან შეთანხმებითა და კონსულტაციით, მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს. ეს იქნება მკაფიო პოლიტიკური გზავნილი, რომ არჩევნების პროცესი იწყება თანამშრომლობით და პოლიტიკური პარტიებისთვის თანასწორი გარემოს უზრუნველყოფის მცდელობით. პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ყველა საშუალება წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისათვის. მნიშვნელოვანია, არჩევნების თარიღმა გადაიწიოს ოქტომბრის ბოლოს, რათა სექტემბერი და ოქტომბერი პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო დებატებისა და კამპანიის წარმართვისათვის გამოიყენონ, მით უმეტეს, რომ ივლისი-აგვისტო პოლიტიკურად პასიური პერიოდია”, - აცხადებს ჩოკორაია.
კონსტიტუციონალისტის თქმით, გასათვალსიწინებელია აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები არჩევნების თარიღის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.
”მკაფიოა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე.“ შესაბამისად, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება უნდა ამოქმედდეს აქტის გამოქვეყნებიდან და არა მისი ძალაში შესვლიდან,“ - აცხადებს კონსტანტინე ჩოკორაია.