გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობით, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელება მოსალოდნელი არ არის. სოფელ წინაგარაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა.
დავით ონიაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ტყის მასივი სადაც დღეს დილით ცეცხლი გაჩნდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მზად არის საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციოდ დახმარება გაუწიოს დე ფაქტო ცხინვალის შესაბამის სამსახურებს.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება თითქმის უკვე 8 წელია ვეღარ ახორციელებს. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი. შორიდან რთულია იმის დანახვა, მიმდინარეობს თუ არა სალიკვიდაციო სამუშაოები. ამჟამად არსებული მდგომარეობით, ცეცხლის გავრცელება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსალოდნელი არ არის. თუმცა ამის მიუხედავად, თხოვნის შემთხვევაში, მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს“, - განაცხადა დავით ონიაშვილმა.