საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილე ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისი მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი ითვალისწინებს სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების ქსელის, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სამუშაოების ღირებულება 1 მლნ ლარია. სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.