ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში იწყება ახალი, ძალიან მასშტაბური პროექტი Check-in Georgia.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი პრაქტიკულად მთელ საქართველოს მოიცავს.
”ეს იქნება კონცერტების და ღონისძიებების სერია, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველო გახდეს კულტურული ცენტრი რეგიონში”, -განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ტურიზმი.
”თქვენ იცით, რომ შარშან ტურიზმმა საქართველოს შემოუტანა 1 მილიარდ 935 მილიონი დოლარის შემოსავალი. ეს იყო 148 მილიონი დოლარით მეტი შემოსავალი, ვიდრე 2014 წელს.
იქმნება არაერთი სამუშაო ადგილი. პირველი 3 თვის მონაცემებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით. მხოლოდ 3 თვეში ტურიზმმა საქართველოს მოუტანა დამატებით 84 მილიონი ლარის შემოსავალი. ჩვენ გვაქვს 14%-იანი ზრდა, ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 144 ათასით მეტია. მთლიანად კი 1 მილიონ 100 ათას ტურისტს გადააჭარბა.
კონცერტები და ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი წამახალისებელი, რომელიც ტურიზმს ეხმარება და ასევე ზრდის საქართველოს ცნობადობას.
არაერთი ვარსკვლავი გვეწვევა წლის განმავლობაში, ადგილობრივი შოუ ბიზნესის წარმომადგენლები გამართავენ კონცერტებს.
”მარტო ერთი მინდა ვთქვა, რობი უილიამსი, რომელიც გვეწევა 27 მაისს და ”დინამოს” სტადიონზე გაიმარტება მისი კონცერტი, მან თავის ”ფეისბუქ” გვერდზე დადო აფიშა და მხოლოდ ”ფეისბუქის” გვერდზე მას 4 მილიონი მნახველი ჰყავს. იქ პირდაპირ აღნიშნულია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისთვის იქნება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობა კიდევ უფრო ამაღლდება”, -განაცხადა ქუმსიშვილმა.