საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ქორწინების როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის კონსტიტუციაში დაფიქსირების საკითხზე, რეფერენდუმის ჩატარება მმართველი გუნდის დღის წესრიგში არ დგას. როგორც ამასთან დაკავშირებით ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ თემაზე რეფერენდუმის გამართვის მოსაზრებას თავად მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო-საყოველთაო განხილვისას გამოთქვამენ.
„რეფერენდუმის გამართვის შესახებ ინიციტივა არ არსებობს. შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ შეხვდრების დროს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მართავს, გამოითქმება აზრი თავად მოქალაქეების მხრიდან, ხომ არ იქნება უპრიანი, რომ საზოგადოებამ საკუთარი აზრი რეფერენდუმის გზით გამოთქვას. ეს ითქვა თელავში, ზუგდიდში, ახალციხეში და ფაქტობრივად, ყველა შეხვედრაზე. თუმცა, ამ თემაზე პოლიტიკური მსჯელობა და რაიმე ინიციატივა ჩვენი გუნდის ფარგლებში არ ყოფილა. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე გუნდში დღესდღეობით მსჯელობა არ მიმდინარეობს“, - განუცხადა ჟურალისტებს გედევან ფოფხაძემ.